სახალხო დამცველის ოფისი ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგს იწყებს

თარიღი:

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერიკა კვაპილოვასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი აპარატი ქვეყანაში ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების მონიტორინგს იწყებს.

უჩა ნანუაშვილმა ფემიციდის მონიტორინგის დაწყება დააანონსა; ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
ინიციატივა ეხმაურება ქალთა მიმართ ძალადობის, მისი გამოწვევი მიზეზებისა და შედეგების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის მიმართვას, რომლის დროსაც მან ყველა სახელმწიფოს გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების პრევენციის ვალდებულების აღებისა და ყოველი წლის 25 ნოემბერს შემთხვევათა დეტალური ანალიზის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. სპეციალურმა მომხსენებელმა იგივე რეკომენდაცია საქართველოს შესახებ ანგარიშშიც ჩართო, რომელიც მან 2016 წელს ქვეყანაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის შემდეგ მოამზადა.

სახალხო დამცველის თქმით, 2016 წელს ფემიციდის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. რამდენიმე დღის წინ კი კაცმა თავის ცოლს გულმკერდის არეში 8 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ეს 2017 წელს ფემიციდის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ პრობლემის სერიოზულობის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ ტიპის ძალადობის განმეორების ასაცილებლად მიდგომა კვლავ არ შეუმუშავებია და არც რისკების შეფასება არ განუხორციელებია. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ფემიციდის შემთხვევების შესახებ სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი არ არსებობს, რაც პრევენციისთვის ინფორმაციის წყარო იქნებოდა.

„ფემიციდის პრობლემის სერიოზულობის, ქვეყანაში თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მიმართ მისი უარყოფითი ზეგავლენის გათვალისწინებით ვაცხადებ, რომ სახალხო დამცველის ოფისი ის დაწესებულება იქნება, რომელიც კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებულ მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებს, ასევე, თითოეულ შემთხვევას, რომელიც ქალებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს,“- განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ფემიციდის პრევენციაში სტატისტიკური მონაცემებისა და ანალიზის მნიშვნელობაზე ისაუბრა; ფოტო: სახალხო დამცველი აპარატი
მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის სასამართლო გადაწყვეტილებებს დეტალურად გააანალიზებს, რათა ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბი, ასევე, დაცვისა და პრევენციის მიზნით გამოყენებული ზომები და ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებული დაბრკოლებები შეაფასოს. ამას გარდა, სახალხო დამცველის ოფისი სამართალდამცავი უწყებების მიერ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და ინფორმაციასაც შეისწავლის.

„ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების პრევენციის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ფემიციდის მონაცემები და ანალიზი წვლილს შეიტანს მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მიღწევაში, რომლის ვალდებულებაც საქართველოს ეროვნულ დონეზე აქვს აღებული“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ. მან მიულოცა სახალხო დამცველის აპარატს, რადგან ის არგენტინის შემდეგ მეორეა ოფისია მსოფლიოში, რომელმაც ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ვალდებულება აიღო.

უჩა ნანუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მონიტორინგის პროცესში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ.