თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღეს გრძელდება.

თბილისი ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ნარინჯისფრად განათდა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას სიმბოლურად ღირსშესანიშნაობების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. გაეროს გენერალური მდივნის მრავალწლიანი კამპანია გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 2016 წელს მოუწოდებს მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოებას გაერთიანდნენ ლოზუნგით: „გაანარინჯისფრე სამყარო – უზრუნველყავი თანხების მობილიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“.

თბილისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეურთდა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაა, რომლის ფესვებიც გენდერულ სტერეოტიპებშია გადგმული. ძალადობა უარყოფითად მოქმედებს არა მარტო დაზარალებულზე, არამედ მათ ოჯახებზე და გარემოცვაზე. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა გარდაუვალი/დაუძლეველი პრობლემა არ არის და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია ქალთა უფლებების დაცვით, ძალადობის პრევენციის ღონისძიებებით, ასევე ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფით.

გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების საქმეში. გაუმჯობესდა კანონმდებლობა და ძალადობაზე კოორდინირებული რეაგირების მექანიზმები. დაარსდა სახელმწიფო თავშესაფრები და კრიზისული ცენტრი ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების აღმოსაჩენად. ამ პრობლემის დაძლევა დიდად არის დამოკიდებული პოლიტიკურ ნებაზე, პასუხისმგებელ პირთა თუ ორგანოთა შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და დაფინანსებაზე.

თბილისის ანძა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
„თბილისის ერთ-ერთი სიმბოლოს განარინჯისფერებით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში და თბილისის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის მნიშვნელობას. სასიხარულოა, რომ საქართველოს დედაქალაქიც ამ ტრადიციას შეუერთდება“, - აცხადებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის მთავარი გზავნილს წარმოადგენს: „გაანარინჯისფრე სამყარო - უზრუნველყავი თანხების მობილიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში ინვესტირების მნიშვნელობას.