ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაზრდა გრძელდება

თარიღი:

16-18 ოქტომბერს სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ სიღნაღის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარების, თბილისის ადამიანით ვაჭრობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისა და ახალგახსნილი კრიზისული ცენტრის 23 თანამშრომლის (მედდა, სოციალური მუშაკი, იურისტი, ძიძა, ფსიქოლოგი და ცხელი ხაზის ოპერატორი) გადამზადება დაიწყო.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრის პერსონალის ტრენინგის მონაწილეები; ფოტო: UN Women
ტრენინგი შემდეგ თემებს მოიცავდა: ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით მოქმედი სამართლებრივი მექანიზმები, მონიტორინგის სისტემა და პრინციპები, დაწესებულების ეფექტიანი ადმინისტრირების საკითხები, ბენეფიციარის შემთხვევის მართვა, მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სპეციფიკა, მუშაობის ფსიქოსოციალური ასპექტები, რთული ქცევის მართვა და სხვა.

ტრენინგის მსვლელობისას პერსონალმა კონკრეტული რთული შემთხვევები თუ მაგალითები განიხილა და მულტიდისციპლინური მუშაობის საფუძველზე სათანადო გადაწყვეტილებები და შედეგები წარადგინა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სხვა პროფესიონალებთან ერთად ტრენინგში ის პერსონალი იყოს ჩართული, მაგალითად ძიძები დამედდები, რომლებსაც უშუალო ურთიერთობა აქვთ თავშესაფარში მცხოვრებ ბენეფიციარებთან. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, რაც დადებითად აისახება ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ხარისხზე,“ - განაცხადა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწირო ფონდის დირექტორმა თამარ ბარკალაიამ.

ტრენინგის მეორე ეტაპი, რომელსაც ოჯახში ძალადობის მომსახურების დაწესებულებების კიდევ 34 თანამშრომელი დაესწრება, 23-25 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.

სახელმწიფო ფონდმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრი და ეროვნული ცხელი ხაზი - 116 006, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით შექმნა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედეთის მთავრობასა და ევროკავშირთან პარტნიორობით, საქართველოს სხვა რეგიონებში კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოების მხარდაჭერას გეგმავს. აღნიშნულ ცენტრებში მომსახურებას გაუწევენ არა მარტო ოჯახში ძალადობის, არამედ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებსა და დაზარალებულებს. აღნიშნულ გეგმებში ასევე შედის სტანდარტების შემუშავება სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის მომსახურების მიწოდებისთვის, ტრენინგის მოდულის შემუშავება სექსუალური ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო ცენტრის, თავშესაფრებისა და ცხელი ხაზის თანამშრომლებისთვის.