რა კავშირშია გენდერული თანასწორობა ბიზნესთან?

თარიღი:

30 ივნისს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში, „გაეროს გლობალური კომპაქტის“ (UNGC) ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მისი წევრები გადაამზადა. ტრენინგის თემას წარმოადგენდა ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) გამოყენება გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად და ქალთა კომპანიების პოლიტიკებისა და საქმიანობის დახმარებით გაძლიერება.

სალომე ზურაბიშვილი და ტრენერი ნინა დადალაური; ფოტო: UN Women
გაეროს გლობალური კომპაქტის წევრები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კუთხით, ქვეყანაში ყველაზე აქტიურები არიან. დისკუსიაში ოცი მონაწილე იყო ჩართული და ისეთ თემებზე მსჯელობდა, როგორიცაა: გენდერული სტერეოტიპების მიზეზები და შედეგები, სექსუალური შევიწროება სამუშაო გარემოში. გაეროს ქალთა ორგანიზაციის შეკითხვაზე - რატომ და როგორ მუშაობენ გენდერულ თანასწორობაზე კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში - „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (CiDA) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა და გაეროს გლობალური კომპაქტის ქსელის საკონტაქტო პირმა საქართველოში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ქსელში ჩართულ ყველა ორგანიზაციას აღებული აქვს გაეროს გლობალური კომპაქტის 10 პრინციპის დანერგვის ვალდებულება. გენდერული თანასწორობაც ამ პრინციპებში შედის. გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. კომპანიებს ქალთა უფლებების დარღვევის იდენტიფიცირებასა და ამ რისკის პრევენციაში დახმარება ესაჭიროებათ. გენდერული თანასწორობის აქტიური მხარდაჭერისთვის აუცილებელია მათი შესაძლებლობების გაძლიერებაც. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიების წახალისება და ამ მიზნით მათთვის შესაბამისი ინსტრუმენტების შეთავაზება ბიზნესს უფრო წარმატებულსა და მდგრადს გახდის, რაც საზოგადოებაზეც პოზიტიურად აისახება“.  

საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბმა, რომელიც 90 ბიზნესს აერთიანებს და რომლის ერთ-ერთი თავმჯდომარეც CiDA-ა, სამომავლო საქმიანობის სამ სტრატეგიულ მიმართულებას შორის ერთ-ერთად სწორედ ქალთა გაძლიერების პრინციპები შეარჩია.


„საქართველოში გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, თუმცა ბევრი კომპანიისთვის ის ჯერ კიდევ აბსტრაქტული ცნებაა. ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც ქალთა მიმართ ძალადობა და სქესის ნიშნით განსხვავებული ანაზღაურებაა, გარკვეული ცოდნა არსებობს, თუმცა, როგორც წესი, არ მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემები კომპანიების შიდა და გარე საქმიანობას უკავშირდება. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეეძლოთ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით არსებული განსხვავებების შეფასება. გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობა შესაძლებლობას გვიქმნის, რომ ჩვენს წევრებს აღნიშნული დახმარება შევთავაზოთ და სხვა საკითხებთან ერთად ქალთა გაძლიერების პრინციპებიც წარმოვაჩინოთ“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე გაეროს გლობალური კომპაქტის ადგილობრივ ქსელთან გამართული ტრენინგი იმ ციკლის ბოლო შეხვედრა იყო, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია 2016 წლის თებერვლიდან ივნისამდე ახორციელებდა. ამ ტრენინგების დახმარებით, კერძო კომპანიების 80 წარმომადგენელი ისეთ საკითხებში გადამზადდა, როგორიცაა ქალთა გაძლიერება სამსახურში, შრომით ბაზარზე თუ საზოგადოებაში.

ტრენინგები შემდეგი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს მიკროსაფინანსო დაწესებულებების ასოციაცია, ათასწლეულის გამოწვევის ანგარიში – საქართველო და საქართველოს ასოციაცია „ქალი ბიზნესში“. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე მუშაობა ამჟამად უკვე მეორე ფაზაში შედის. ამ ეტაპზე დახმარება კომპანიებს სამოქმედო გეგმების შედგენაში გაეწევათ, რაც მიზნად გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერი პოლიტიკებისა და ინიციატივების განხორციელებას ისახავს.