ქალები პანკისიდან

თარიღი:

ნატა ბექაური პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში მდებარეობს და, ძირითადად, ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული, რუსეთიდან 16 წლის ჩამოვიდა. ჩეჩნეთის ომის შემდეგ მშობლებმა მისი საქართველოში გამოშვება გადაწყვიტეს. მაშინ სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ბებიასთან ცხოვრობდა და სწავლის გაგრძელებას უცხო ენების ფაკულტეტზე გეგმავდა. ერთ დღესაც ნათესავებმა უთხრეს, რომ ქორწინების დრო მოვიდა, ქმრად კი, როგორც ისინი ამბობდნენ, ხეობის ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახისშვილი შეურჩიეს.

ნატა ბექაური; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
„კარგად გაცნობის საშუალება არც მომეცა. როცა ვქორწინდებოდი, ქმრის ოჯახი დამპირდა, სწავლაში ხელს შეგიწყობთო, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა. ოჯახურ საქმეებში არც მრთავდნენ, მხოლოდ სახლის დალაგება და სამზარეულო იყო ჩემი საქმე. მე კი სწავლა, ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბება მსურდა. რომ დავინახე, ამის საშუალება აღარ მექნებოდა და ახალგაზრდობას ვკარგავდი, გადავწყვიტე, ხალხის აზრისთვის ყურადღება არ მიმექცია და წამოვსულიყავი“,- იხსენებს ნატა.

მისი ქორწინება მხოლოდ 5 თვეს გაგრძელდა. მშობლებმა, რომლებიც იმ დროს რუსეთიდან უკვე ჩამოსულები იყვნენ, მხარი დაუჭირეს. ნატა მოემზადა და ილიას უნივერსიტეტში უცხო ენებზე ჩააბარა. მერე საფრანგეთშიც წავიდა, 3 წელი ფრანგულ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მეორედ შექმნა ოჯახი და ახლა 5 წლის ბიჭი ჰყავს, ახმეტაში ცხოვრობს და არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში“ პროექტის ასისტენტად მუშაობს. ამბობს, რომ საზოგადოების სტერეოტიპების გამო ბევრი წინააღმდეგობის გადატანა მოუხდა: „მე რომ საზოგადოებისთვის მიმექცია ყურადღება, სადაც ვიყავი, იქ ჩავრჩებოდი. ნათესავებს ჩემი აქტიური ცხოვრება არ მოსწონდათ, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი, ვიცოდი, რისი მიღწევა მინდოდა და ჩემი ცხოვრება თავად შევქმენი“,-აღნიშნავს ნატა.

ნატა ახლა 38 წლისაა. მის თაობაში ნაადრევი ქორწინებები განსაკუთრებით ხშირი იყო. ზოგჯერ არასრულწლოვან გოგოებს ისე ათხოვებდნენ, რომ საქმარო ნანახი საერთოდ არ ჰყავდათ. ახლა ასეთი რამ ნაკლებად ხდება, თუმცა 16-17 წლის გოგოების ქორწინება მაინც გავრცელებულია. ხეობაში კვლავაც არსებობს ტრადიციული სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც სკოლის დამთავრების შემდეგ გოგო ქორწინებისთვის უკვე მზადაა.

პანკისის ხეობაში რელიგიური ლიდერების ავტორიტეტი ძალიან მაღალია, ამიტომ ადრეული ქორწინებების შემცირების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც ტრადიციული ისლამის მეჩეთის იმამებმა ხეობის უხუცესთა საბჭოსთან ერთად ცოტა ხნის წინ მიიღეს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება რელიგიურად აღარ გაფორმდება. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში განსაკუთრებით დიდი წვლილი პანკისის უხუცეს ქალთა საბჭოს მიუძღვის, რომელიც 2011 წელს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით დაარსდა. მას შემდეგ ის ინტენსიურად თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთანაც. საბჭო 18 წევრისგან შედგება და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ქალთა უფლებები და უხუცეს კაცთა საბჭოსთან ქალთა საკითხების ადვოკატირებაა. საბჭო ერთგვარი შუამავალია ქალებსა და უხუცეს კაცებს შორის, ცდილობს, სწორად მოხდეს ქალთა უფლებების საკითხების დასმა და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ქალების ნაადრევ ქორწინებას უკავშირდება, განათლების შეწყვეტაა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალების შემსრულებელი მარინა გუმაშვილი, იხსენებს, რომ ნაადრევად მისი 3 კლასელიც გათხოვდა, ერთ-ერთი კი სკოლის დამთავრებამდე განქორწინდა კიდეც. განათლება არცერთს არ მიუღია.

მარინა ერთ-ერთია იმ პანკისელ ქალებს შორის, რომელიც ნაადრევად არ დაქორწინდა, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი საჯარო სამართლის სპეციალობით მიიღო. სწავლა არც სოფელში დაბრუნების შემდეგ შეუწყვეტია. ჯერ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით საადვოკატო გამოცდები ჩააბარა, შემდეგ კი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი მიიღო.

გარემომცველი რეალობის მიუხედავად, მარინას ოჯახში განათლება ყოველთვის პრიორიტეტული იყო. უნივერსიტეტი მისმა სამივე დამაც დაამთავრა. მამა, მეცნიერებათა დოცენტი სულეიმან გუმაშვილი ყოველთვის მხარს უჭერდა, თუმცა მის განათლებას ხშირად ძმები აპროტესტებდნენ. „მამაჩემისგან რომ მხარდაჭერა არ მქონოდა, ვერ შევძლებდი. სამწუხაროდ, ყველა მამა ამას ვერ ახერხებს. ზოგი ძმა დას აიძულებს არ ისწავლოს და სკოლას როგორც დაამთავრებს, გათხოვდეს. არა მარტო სწავლასთან, წინააღმდეგობები ჩემს კაბის სიგრძესთან და მუშაობასთან დაკავშირებითაც იყო, მაგრამ მე არავის არაფერი დავუთმე. დღემდე ეს ბევრისთვისაა პრობლემა. გოგონები, რომლებიც განათლებას იღებენ, ჩვენთან ძირითადად ან სკოლაში იწყებენ მუშაობას, ან უმუშევრები არიან. იშვიათად, რომ სამსახური ხეობის გარეთ დაიწყონ“,-ამბობს მარინა.

მარინა გუმაშვილი; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
თავად 24 წლის ასაკში დაქორწინდა. სანამ მარინა სამსახურშია, საბავშვო ბაღიდან დაბრუნებულ 2 ბავშვს ყურადღებას სწორედ მეუღლე აქცევს. მარინა ამბობს, რომ განათლების მიღებას ალტერნატივა არ აქვს: „განათლება რომ არ მიმეღო და სკოლის დამთავრებისთანავე გავთხოვილიყავი, ჩემთვის ცხოვრება, ალბათ, საშინელი იქნებოდა. მატერიალურ მხარესაც რომ თავი დავანებოთ, საკუთარი თავის რეალიზებას ახდენ, 24 საათი სახლში არ ხარ, გარეთ გამოდიხარ, საზოგადოებაში ტრიალებ. განათლებამ დამოუკიდებელი გამხადა. დამოუკიდებელი როცა ხარ, მეტად გაფასებენ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა შვილებმაც ისწავლონ“,-ამბობს მარინა, რომელიც ახლა ინგლისურ ენას სწავლობს. მისთვის ამჟამინდელი სამსახური მხოლოდ დასაწყისია. წინ ერთი სურვილი აქვს: პროკურორობა. 

სამწუხაროდ, ადრეული ქორწინების მაჩვენებლები საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია: სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში „ადრეულ ასაკში ქორწინება: გამოწვევები და გადაჭრის გზები“ ნათქვამია, რომ 2015 წელს 16-დან 18 წლამდე ასაკის პირთა 611 ქორწინება დარეგისტრირდა, სკოლა კი, ოჯახის შექმნის მოტივით, 13-დან 17 წლამდე 408 არასრუწლოვანმა მიატოვა. საქსტატის მონაცემებით, 16-19 წლის გოგოების 13% (ქალაქად 9%, ხოლო სოფლად -18%) გათხოვილია, მაშინ როდესაც იგივე ასაკობრივი ჯგუფის ვაჟთა მხოლოდ 2%-ია დაქორწინებული(ვაჟების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი იგივეა ქალაქად და სოფლად). 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. ადრეული ქორწინებების პრობლემის მიმართ საქართველოს მთავრობა კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. 2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ბავშვის მიერ სკოლის მიტოვების შემთხვევაში, მიტოვების საფუძვლის მითითება ხდება, რამაც ნაწილობრივ შესაძლებელი გახადა ადრეულ ასაკში ქორწინების მასშტაბების დანახვა. 2016 წლის პირველი იანვრიდან კი გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა. კანონმდებლობაში ეს ცვლილება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხრის კომიტეტის (CEDAW) რეკომენდაციის გათვალისწინებით იქნა მიღებული. ამჟამად, გამონაკლისის სახით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მისი ნებით და მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, ისეთი მიზეზის არსებობისას, როგორიცაა ორსულობა. 2017 წლის იანვრიდან კი ეს გამონაკლისიც გაუმქდება და 18 წლამდე პირთა ქორწინება კანონით სრულად აიკრძალება. 


ადრეული ქორწინებების პრობლემის დასაძლევად სხვადასხვა ღონისძიების გატარება იმ აქტივობების ნაწილია, რომლებსაც საქართველო ქალთა უფლებებთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში ახორციელებს. როგორც ცნობილია, 2015 წლის 27 სექტემბერს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, 2030 წლამდე ქალთა მიმართ დისკრიმინაცია აღმოფხვრან და ქვეყნების დონეზე განსახორციელებელი კონკრეტულად გეგმებიც წარადგინეს. ამ ისტორიულ ღონისძიებაზე საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად ადრეულ ქორწინებებზეც ისაუბრა: „ჩვენ გავაფართოებთ გენდერის ინსტიტუციურ მექანიზმებს, რისთვისაც ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნება და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი იქნება გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. ჩვენ მომავალშიც განვაახლებთ ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას და განვახორციელებთ მის რეფორმირებას. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელებთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და ცხოვრებაში გავატარებთ მას. ვითანამშრომლებთ განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებთან, გაეროსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ ადრეული ქორწინების საკითხზე. ჩვენ წამოვიწყებთ საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა იღწვის ისეთი მომავლისთვის, რომელშიც თანასწორობა და კეთილდღეობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება.

ცვლილებების გზა გრძელდება. ამ ცვლილებებთან ერთად პანკისის ხეობაში არსებული ტრადიციული შეხედულებები და წესებიც რეფორმირებასა და გათანამედროვებას საჭიროებს, მათ შორის ნაადრევი ქორწინებების კუთხითაც. ნატა ბექაური თვლის, რომ იმამების გადაწყვეტილება ერთ-ერთი ხელშეწმყობი ფაქტორი იქნება.