ანა პოღოსიანი 2015 წლის საუკეთესო ქალი მორაგბეა
თარიღი:
16 მარტს, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ გამართულ ცერემონიალზე, რომელზეც საქართველოს რაგბის კავშირმა, ქართული სარაგბო თემისა და მედიის წარმომადგენლებმა ქართული რაგბის 2015 წლის შედეგები შეაჯამეს და საუკეთესო მორაგბეები დააჯილდოვეს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სპეციალური პრიზი შვიდქალას ეროვნული ნაკრების კაპიტანს ანა პოღოსიანს გადასცა. აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი გასულ წელსაც ანას ერგო.
საქართველოში ქალთა რაგბს 2005 წელს ჩაეყარა საფუძველი. ანა პოღოსიანიც სპორტის ამ სახეობაში სწორედ ამ დროიდანაა. მისი კაპიტნობით შვიდქალამ ევროპის ჩემპიონატში პირველად 2008 წელს ითამაშა. ანა რაგბიში ფეხბურთიდან მივიდა, თუმცა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რაგბი პირველად ითამაშა, ფაქტობრივად, „მოიწამლა“. „ერთხელ რომ მივედი, დავრჩი კიდეც. აქ უდიდესი ემოციები და ადრენალინია. ზოგს ჰგონია, რომ რაგბიში მთავარი ძალაა, არადა სპორტის ეს საინტერესო და აზარტული სახეობა უფრო მეტად აზროვნებას, სისწრაფეს მოითხოვს“,- ამბობს ანა.
ანა „დიდ 10“-საც (საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა) მსაჯობს. მას და მისი თაობის სხვა ქალ მორაგბეებსაც სურთ, რომ მისაბაძები გახდნენ და სპორტის ამ სახეობით ბევრი გოგონა დააინტერესონ. „საქართველოში ზოგს საერთოდ არ ესმის ქალმა რაგბი როგორ უნდა ითამაშოს, რაც მენტალური პრობლემა და მცდარი შეხედულებაა. სპორტში სქესი არ არსებობს. არ არსებობს არცერთი სახეობა, სადაც ქალი ვერ იასპარეზებს. ასეთი ღონისძიებები და წახალისებები, ეს ჯილდოც სწორედ ქალთა რაგბის პოპულარიზაციასა და მის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობას უწყობს ხელს“,-ამბობს ანა.
ჯერჯერობით ქალ მორაგბეებს ბრძოლა არა მარტო მოედანზე, არამედ მის მიღმაც - პირველ რიგში კი, სტერეოტიპებთან უწევთ. ქალთა რაგბის წარმატებისთვის სტერეოტიპების მსხვრევა მოგებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ანა სხვა ქალ მორაგბეებთან ერთად სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც ძალისხმევას არც მოედანზე იშურებს და არც - მის მიღმა.
საქართველოს რაგბის კავშირი გაეროს ქალთა ორგანიზაციის დიდი ხნის პარტნიორია გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელიც ამჟამად ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით. (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ, ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა / გაეროს ქალთა ორგანიზაცია / გაეროს მოსახლეობის ფონდი). თანამშრომლობა მიზნად ისახავს კაცებისა და ვაჟების ჩართულობას ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათი ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხებთან დაკავშირებით.