ქალთა უფლებადამცველები ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ხვდებიან

თარიღი:

შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან; ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
„ის სამუშაო, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, ხელს უწყობს ჩემს საქმიანობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში: ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრასა და წარმოდგენის შეცვლაში, რომ ეს მხოლოდ პირადი საკითხია და არა საზოგადო მნიშვნელობის პრობლემა“,- განაცხადა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დუბრავკა სიმონოვიჩმა. ეს განცხადება მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ საკონსულტაციო შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას საქართველოში ქალებთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ინგიბიორგ გისლადოტირიმ გამოსვლისას ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასა და ქალთა უფლებების აქტივისტების წვლილს გენდერული თანასწორობის პროგრამის განხორციელებაში. მან ქალთა უფლებების საკითხების კუთხით მთავრობის ვალდებულებების შესრულებასაც გაუსვა ხაზი.

შეხვედრის მიზანი იყო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ იმ ღონისძიებებისა და წინსვლის გზების განხილვა, რომლებიც გაეროს სპეციალური მომხსენებლის მანდატის მიერაა მხარდაჭერილი. შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მიზეზებსა და შედეგებზე, ასევე, ამ ძალადობის აღმოფხვრის სტრატეგიებზეც იმსჯელეს.

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკა სხილაძემ სახალხო დამცველის აპარატის მონაცემები და რეკომენდაციები „სპეციალური ანგარიში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე საქართველოში (2014 წლის მონაცემები)“ წარადგინა. ანგარიში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მომზადდა და 2015 წლის ნოემბერში გამოიცა.

შეხვედრა გაიმართა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „გენდერული თანასწორობის მიღწევა – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლოს პოლიტიკის რეგიონში“ ფარგლებში, რომელიც 2015 წლის 9–10 ნოემბერს თბილისში ტარდება. კონფერენცია ორგანიზებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან, გაეროს მოსახლეობის ფონდთან და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით.