ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები ქართველი ჟურნალისტების თვალით

თარიღი:

სცენა ინტერაქტიული გამოფენიდან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
მსახიობებმა და დრამატურგებმა ინტერაქტიული დოკუმენტური თეატრის დახმარებით ცხოვრებისეული ისტორიები წარმოადგინეს. ეს ისტორიები იმ ჟურნალისტებს ეკუთვნით, რომლებმაც გენდერულად სენსიტიურ რეპორტინგში UN Women-ის ორგანიზებული ტრენინგი გაიარეს.

მათ ახლაც ძალიან უჭირთ ხმის ამაღლება და საუბარი, რომ მათზე ძალადობენ. სუფრასთან ყოველთვის ადღეგრძელებენ, მაგრამ თან სცემენ, ემუქრებიან, აკონტროლებენ, ძალით ათხოვებენ, სწავლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. საქართველოში ეს ხშირად ხდება, მაგრამ ხშირადვე დახურულ კარს მიღმა რჩება.

ამ დახურული კარის გასაღებად 2014 წლის 8 მარტს გაეროს ერთობლივმა პროგრამამ „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნა და დოკუმენტური თეატრის ელემენტებით ინტერაქტიული გამოფენა წარმოადგინა. გამოფენაში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ.
სპეციალურ ინსტალაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ღონისძიების სტუმრებმაც და ქართველი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ფოტოჟურნალისტების მიერ აღწერილი რეალური ისტორიები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ თავად გამოსცადეს. ისტორიები ავტორებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტრენინგის შემდეგ შექმნეს. ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემების გენდერულად სენსიტიურ და ეთიკურ გაშუქებას ეძღვნებოდა. „ამ საკითხებზე უკვე ბევრი წელია მიწევს წერა და რამდენიმე ტრენინგსაც დავსწრებივარ. ასეთ დროს კი გგონია, რომ თითქოს ყველაფერი იცი, მაგრამ მაინც უნდა შევნიშნო, რომ ეს სამი დღე ერთგვარი გამოფხიზლებასავით იყო“,- ამბობს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი.
ეკა ერთ-ერთია იმ 21 ქართველ ჟურნალისტს შორის, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემების გენდერულად სენსიტიური გაშუქების შესახებ ტრენინგს დაესწრო. ტრენინგი თბილისში 2014 წლის 25-27 იანვარს გაიმართა. „ტრენინგი დამეხმარა გამეხსენებინა, რა არ უნდა გავაკეთო არასდროს, როგორც ჟურნალისტმა და რისი დაწერის უფლება მაქვს. კიდევ უფრო გამიძლიერდა ამ თემებზე მუშაობის სურვილიც“,-ამბობს ეკა ქევანიშვილი.

სამდღიანი ტრენინგი ფოკუსირებული იყო ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების დაბალანსებულ, არადისკრიმინაციულ გაშუქებაზე. ყურადღება გამახვილდა გენდერულად სენსიტიური რეპორტინგის მნიშვნელობასა და მისი მიღწევის ხერხებზე, ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის სახეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე, მსხვერპლებისგან ინტერვიუს აღების ტექნიკასა და მათი კონფიდენციალობის დაცვაზე. ტრენინგის დროს საუბარი იყო სათანადო ენის, ტერმინოლოგიისა თუ ინფორმაციის წყაროების გამოყენებასა და სხვა სამართლებრივ თუ ეთიკურ საკითხებზე.

„ტრენინგი მოიცავდა ძალიან საინტერესო თეორიულ ნაწილს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს,“ - ამბობს ჟურნალ „ლიბერალის“ ფოტოგრაფი და ჟურნალისტი სოფო აფციაური. „იგი მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების ეთიკურად და პროფესიონალურად გაშუქების პრაქტიკის დანერგვას. ტრენინგი მოიცავდა შეცდომების ანალიზს პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით და ამ შეცდომების გამოსწორების გზების ჩვენებას.“

გენდერული თანასწორობის გაეროს ერთობლივი პროგრამის გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტის მენეჯერის ირინა ჯაფარიძის თქმით, მედიას ცენტრალური როლი აკისრია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში: „კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ინფორმაციის სწორად მიწოდება. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჟურნალისტებთან მუშაობა, რათა ავამაღლოთ მათი ცოდნა გენდერული ნიშნით ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ,“ - აღნიშნა ირინა ჯაფარიძემ.

ტრენინგის შემდგომ ჟურნალისტები და ფოტოგრაფები დაწყვილდნენ და მოამზადეს მასალები ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შემდეგ კი ეს სიუჟეტები გამოფენაზე კოლეგებსა და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. „იმისთვის, რომ აუდიტორიას კიდევ უფრო მეტად გაეთავისებინა და ეგრძნო ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა, გამოფენის სტუმრებს წარმოდგენაში ჩართვის საშუალება მიეცათ. შეეძლოთ, განცხადებების გაკეთება ან სხვა სახით მონაწილეობის მიღება, რათა უკეთ გაეცნობიერებინათ, როგორ ზემოქმედებს ძალადობა ქალებზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში,“ - ამბობს წარმოდგენის რეჟისორი და პროდიუსერი ნინო მაღლაკელიძე.

სიუჟეტები ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს სხვადასხვა სიტუაციაში ასახავდა და ყურადღებას ამახვილებდასაზო გადოებაში არსებულ ტენდენციაზე - დამალოს და შემწყნარებლური იყოს ქალთა უფლებების ყოველგვარი დარღვევის მიმართ. გარდა ამისა, სიუჟეტები ეხებოდა მსხვერპლი ქალების მიერ ძალადობისგან თავის დაღწევის სურვილს და მათთვის ოჯახების, მეგობრებისა და შესაბამისი ორგანიზაციების მიერ გაწეულ მხარდაჭერას.

„წარმოდგენა, რომელიც აქ ვნახე - ეს ყველაფერი ჩვენს გარშემო ხდება და, სამწუხაროდ, საზოგადოება ხშირად ვერ ახერხებს ამაზე ადეკვატურ რეაგირებას,“ - ამბობს ბლოგერი თეიკო ანჯაფარიძე. „სწორედ ამიტომ უნდა დავგმოთ ძალადობა ქალების მიმართ და საერთოდ ყველანაირი ძალადობა, როგორც ჟურნალისტებმა, ისე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა და საერთოდ ყველამ. ჩვენ ყველას შეგვიძლია რამე ვიღონოთ მის წინააღმდეგ.“