გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია ამოქმედდა

თარიღი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

უწყებათაკომისიის პირველი სხდომა
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა; ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
კომისიის წევრებმა გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული არსებითი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამას გარდა, მათ იმ სამი თემატური ჯგუფის შექმნის შესახებაც იმსჯელეს, რომელთა მუშაობაში სახელმწიფო უწყებებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

როგორც კომისიის თანათავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, თემატური ჯგუფების შექმნა შესაბამისობაშია იმ მთავარ სეგმენტებსა და სამოქმედო გეგმების შესრულებასთან, რომლებიც კომისიის მანდატშია. „საუბარია სამოქმედო გეგმებზე - გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე - გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის ვალდებულებების რეალიზაციაზე", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის მანდატით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის პროცესში უწყებების კოორდინირებულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „მნიშვნელოვანია, უწყებებმა იმუშაონ კოორდინირებულად და სწორად განახორციელონ როგორც ამ მიმართულებით არსებული გეგმები, ასევე მათი შესრულების მონიტორინგი. კომისიის პირველი სხდომა სწორედ იმას შეეხებოდა, რომ სწორად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა, შეჯერდეს და გაიწეროს ის ქმედებები, რომლებზეც შემდგომში საბჭო და ცალკეული უწყებები მოახდენენ რეაგირებას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს იმისთვის, რომ ამ საქმიანობას საპარლამენტო მხარდაჭერაც ჰქონდეს", - განაცხადა კომისიის სხდომის შემდეგ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სხვა სააგენტოების ადვოკატირებითა და ტექნიკური მხარდაჭერით შეიქმნა. მასში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები ერთიანდებიან.

კომისიის მანდატში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ასევე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებია თავმოყრილი. ამავდროულად კომისია ისეთ საკითხებზე იმუშავებს, როგორებიცაა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია; გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა და სხვა. აღსანიშნავია, რომ კომისია წარმოადგენს სტამბოლის კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მაკოორდინირებელ ორგანოს, რომელიც კონვენციის მოქმედების სფეროში შესული საკითხების შესრულებასაც დააკვირდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ კომისიის ტექნიკური მხარდაჭერა სამომავლოდაც გაგრძელდება.