ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციაციამ გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო
თარიღი:
ადგილობრივ ხელისუფლებებს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლის აქვთ. თუმცა, საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ინიციატივები ადგილობრივ თვითმმართველობებში ჯერ მხოლოდ ადრეულ სტადიაზეა.
აღნიშნული ფაქტი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასებამაც დაადასტურა. კვლევამ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა, გამოავლინა, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის სისტემური მიდგომა ადგილობრივ დონეზე კვლავაც პრობლემურია და ქალებისა და გოგოების საჭიროებებს სათანადოდ ვერ პასუხობს.
ამ ხარვეზების შემცირებისა და და გენდერული მეინსტრიმინგის ვალდებულებების შესრულების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებების მხარდასაჭერად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) სამწლიანი თანამშრომლობა დაიწყო. ინიციატივის მიზანი ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის ეფექტიანი განხორციელება და ამ საკითხებზე 64-ვე მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაა.
სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, 6-9 ივლისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ათეასთან ერთად, ქობულეთში 3-დღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა, რომელსაც ათეას 17 წარმომადგენელი დაესწრო, მიზნად ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერებას, გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის სტრატეგიის შემუშავებას ისახავდა. მონაწილეებმა ორგანიზაციის სტრატეგიული ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება განიხილეს და გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლებების როლზე იმსჯელეს.
„სამუშაო შეხვედრამ შესაძლებლობა მოგვცა, ათეას გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის პრიორიტეტები განგვესაზღვრა და გვემსჯელა, თუ როგორ დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს ქალთა გაძლიერების პოლიტიკის განხორციელებაში“,- აღნიშნა ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია ღვინაშვილმა.
„ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაში ათეას როლი იზრდება. ჩვენი მიზანია, ამ ინიციატივების დადებითი შედეგები საქართველოში თითოეული ქალისა და გოგოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს“,- დასძინა ათეას ვიცე პრეზიდენტმა, თამარ ტალიაშვილმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის გაძლიერებასა და მხარდაჭერას გეგმავს. ეს პროცესი საერთაშორისო თუ ეროვნული ვალდებულებებისა და სახალხო დამცველის ოფისის რეკომენდაციების შესრულებაში მუნიციპალიტეტების ხელშეწყობასაც გულისხმობს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ათეას თანამშრომლობა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში მიმდინარეობს.