საქართველოს კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მხარდასაჭერად

თარიღი:

საქართველოს კერძო სექტორი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მხარდასაჭერად
 

სულ უფრო ნათელი ხდება, რომ კომპანიები გენდერული ძალადობის დაძლევაში, დასაქმებულების უსაფრთხოების, ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის დაცვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ახლა, როცა პანდემიამ სახლი სამუშაო სივრცედაც აქცია, ეს როლი განსაკუთრებითაა გაზრდილი.

სწორედ ამიტომ, წელს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფაგრლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი კერძო სექტორის ჩართულობაზეც გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ ამ მოწოდებას ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები არიან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ.

კერძო სექტორის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, კამპანიის მხარდასაჭერად სპეციალური განცხადება გაავრცელა. „ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ ვისწრაფვით, ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ, ავამღალოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარალელურად, კომპანიებმა სოციალური ქსელების ოფიციალური ანგარიშებიც გაანარინჯისფრეს. აღსანიშნავია, რომ 16-დღიანი კამპანიისადმი მიძღვნილი ჩარჩო ფეისბუქისთვის და ზუმის ფილტრი ერთ-ერთმა მათგანმა, „ჯეპრამ“ დაამზადა, სასტუმრო „ბილტმორმა“ კი თბილისში, სოლიდარობის ნიშნად, შენობაზე განთავსებულ ეკრანს ნარინჯისფერი ბანერი მოარგო.

„ქალების გაძლიერება ნებისმიერი ტიპის ძალადობის პირობებში მიუღწეველია, შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა გენდერული თანასწორობის გარეშეც. ამ იდეებზე დაყრდნობით აქტიურად ჩავერთეთ 16-დღიან კამპანიაში და სასიხარულია, რომ კერძო სექტორსაც მოგვეცა ამ საკითხში ჩვენი წვლილის შეტანის შესაძლებლობაც. სასტუმრო ბილტმორ თბილისის თანამშრომლების 60%-ს ქალები შეადგენენ, მენეჯერული პოზიციების 70% -ს კი ქალები იკავებენ. ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მოვუწოდებთ კომპანიებს აქტიურობისკენ. ერთობლივი ძალებით უფრო სწრაფად მივაღწევთ სასურველ მიზნებს“, - აღნიშნავს „ბილტმორის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის აღმასრულებელი ანა ვაჩაძე.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები საკუთარი საკომუნიკაციო არხებით გენდერული ძალადობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციასაც ავრცელებენ.

ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს და მათზე ხელი 80 კომპანიას აქვს მოწერილი. ქალთა გაძლიერების პრინციპებთან დაკავშირებულ აქტივობებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.