ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პროგრამა

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მთავრობასა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების, კერძოდ, მე-5 მიზნის მიღწევისა და ეროვნული კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პრიორიტეტად მიიჩნევს საქართველოს კანონმდებლობის ისეთ დოკუმენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, როგორებიცაა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (CEDAW), მისი ზოგადი რეკომენდაციები და შემაჯამებელი დაკვირვებები; უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურები; ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის შეთანხმებული დასკვნები და ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენცია.

2022 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. საქართველო მთავრობამ კი დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდათ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ წამყვან ორგანიზაციებთან, რომლებიც ჩართულები არიან უწყებათაშორის კოორდინაციაში, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რეფერირებასა და მომსახურების მიწოდებაში, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატთან, პოლიციასთან, პროკურატურასთან, ადვოკატებთან, მოსამართლეებსა და სოციალურ მუშაკებთან. ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციისა და მოძალადეთა ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის ტექნიკურ დახმარებას იღებენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შეიქმნა ისეთი მდგრადი სახელმწიფო მომსახურებები, როგორებიცაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ექვსი თავშესაფარი, შვიდი კრიზისული ცენტრი და ეროვნული ცხელი ხაზი (116 006), რომელიც აბონენტებს, ქართულთან ერთად, 9 სხვადასხვა, მათ შორის უმცირესობების ენებზე, ემსახურება.

ცხელი ხაზისა და სხვა მომსახურებების პოპულარიზაციისა და ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია რეგულარულად უწევს მხარდაჭერას ადგილობრივ პარტნიორებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების ინიციატივების განხორციელებაში სპორტის, მედიისა და სახელოვნებო წრეების იმ წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებსაც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებული გამოცდილება აქვთ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ სხვა დადებით ზომებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებში რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შექმნა, შემაკავებელი ორდერების გაცემაზე პროცედურების გადახედვა და ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმების შემოღება. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2018 წლიდან ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სპეციალური პროკურორები მუშაობენ. სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2021 წლიდან სპეციალიზებული პროკურორები მუშაობენ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზეც, რაც მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელზეც გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს. იგი მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებას, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების ნაციონალიზებული მიზნების მიღწევის პროგრესის შეფასებას ემსახურება. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის მეორე ეროვნულმა კვლევამ, რომელიც საქსტატთან თანამშრომლობით 2022 წელს ჩატარდა, ეროვნულ დონეზე ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წარმომადგენლობითი მონაცემების შესახებ განახლებული მაჩვენებლები ისეთი საკითხების ირგვლივ წარმოაჩინა, როგორებიცაა ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან, ძალადობა ორსულობის დროს, სექსუალური შევიწროება, ადევნება, ძალადობის გამოცდილება ბავშვობაში და დამოკიდებულებები გენდერული საკითხების მიმართ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საკითხებზე, რომელიც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ორმხრივი და მრავალმხრივი დონორი ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებისგან შედგება. სამუშაო ჯგუფის მიზანია, მხარდაჭერა გაუწიოს მთავრობას ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის თვალსაზრისით ქვეყნის ადგილობრივი და საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიან შესრულებაში.

საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციის ძალისხმევას 2010 წლიდან ფინანსურ მხარდაჭერას შვედეთის მთავრობა, 2016 წლიდან კი ევროკავშირის დელეგაცია უწევს. 2017 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული ინიციატივის განხორციელება აფხაზეთში, საქართველოში, დაიწყო.