ვივია გურგენიშვილის სიტყვებით: „კაცებთან შედარებით, მეწარმე ქალებს საქართველოში ფინანსურ რესურსებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ“

თარიღი:

"დინოს" დამფუძნებლი ვივია გურგენიშვილი. მისი კომპანია ხისგან ბავშვების განმავითარებელ, ეკომეგობრულ ავეჯსა და სათამაშოებს აწარმოებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
"დინოს" დამფუძნებლი ვივია გურგენიშვილი. მისი კომპანია ხისგან ბავშვების განმავითარებელ, ეკომეგობრულ ავეჯსა და სათამაშოებს აწარმოებს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

30 წლის მეწარმე და სამი შვილის დედა ვივია გურგენიშვილი კახეთში, სოფელ ველისციხეში დაიბადა. ამჟამად ის თბილისში ცხოვრობს და საკუთარ მცირე კომპანიას, „დინოს“ უძღვება. „დინო“ ეკოლოგიურად სუფთა და სერტიფიცირებული ნედლეულისგან ბავშვებისთვის ხის ეკომეგობრულ ავეჯსა და სათამაშოებს ამზადებს. თითოეული პროდუქტი პატარების განვითარებაზეა ორიენტირებული. ვივია ერთ-ერთია იმ მეწარმე ქალებს შორის, რომლებიც თბილისში, მეწარმე ქალების პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდნენ. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. მისი მხარდამჭერები იყვნენ: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მეწარმე ქალების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და თიბისი ბანკი.

Quote

„დინო“ 2019 წლის დეკემბერში დაარსდა, პროდუქციის წარმოება კი 2020 წლის აგვისტოში დავიწყეთ - სწორედ იმ დროს, როდესაც პანდემია მძვინვარებდა. შვილებისთვის ეკომეგობრული, მათ ასაკზე მორგებული და განმავითარებელი სათამაშოების შეძენა მინდოდა, მაგრამ ვერაფერს მივაგენი. ყველაფერი იყო პლასტმასის, ბუნდოვანი წარმოებისა და ნაკლებად სანდო, რამაც ძალიან დამაფიქრა. შემდეგ ქართული ბაზარიც მოვიკვლიე, მაგრამ უშედეგოდ.

საკუთარი კომპანიის შექმნის იდეაც სწორედ მაშინ გამიჩნდა. მალევე ჩამოყალიბებასა და რეალიზებას შევუდექი: ხის განმავითარებელ ავეჯზე ინფორმაცია მოვიძიე, უცხოელი ფსიქოლოგების რჩევებს, პიკლერს, ვალდორფს, მონტესორსა და მათ აღზრდის მეთოდებს გავეცანი, რათა მომხმარებლებისთვის თითოეული პროდუქტის შესახებ სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა. სხვათა შორის, ამჟამად ეს ყველაფერი „დინოს“ იმიჯზე ძალიან დადებითად აისახება. მოგვიანებით საწარმოც გავხსენი და დავადექი ურთულეს, მაგრამ, ამავდროულად, მოლოდინებითა და იმედებით სავსე გზას, რომლითაც ახლაც შთაგონებული ვარ. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივარ, იდეებს იდეები ემატება, მე კი - ძალა, რომ ეს ყველაფერი სისრულეში მოვიყვანო.

კაცებთან შედარებით, საქართველოში მეწარმე ქალებს ფინანსურ რესურსებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ, მათ შორის ბიზნეს და სამეწარმეო სესხებზე. სინამდვილეში კი სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ მეტი წვდომა რესურსებზეც და ინფორმაციაზეც, რადგან ქალებს იმაზე მეტი შეგვიძლია, ვიდრე ყოველდღიურობაში ვაკეთებთ.

გამოფენა-გაყიდვამ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისში გაიმართა, თავდაჯარებულობა შემმატა. დამანახა, როგორ შემიძლია გავხდე იმაზე ძლიერი, ვიდრე ვარ. დავესწარი საინტერესო სემინარებს, რომლებიც საქმიანობის განვითარებაში დამეხმარება. ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. რეგიონულ ექსპოში მონაწილეობასაც ვგეგმავ და ველი, რომ ბიზნესის ექსპორტისა და ინვესტორების მოძიების კუთხით მხარდაჭერას მივიღებ“.