მკერავი ქალები ჯორჯიაშვილიდან იდეებს რეალობად აქცევენ

თარიღი:

ირინა ვიბლიანი და ნინო სარუხანოვი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში სამკერვალო სალონ "ნირის" დამფუძნებლები. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
ირინა ვიბლიანი და ნინო სარუხანოვი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში სამკერვალო სალონ "ნირის" დამფუძნებლები. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

წელიწადზე მეტია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯორჯიაშვილში პატარა სამკერვალო „ნირი“ ფუნქციონირებს და ადგილობრივებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. „ნირის“ ხარისხიანი მომსახურება უკვე მეზობელი სოფლების მოსახლეობისთვისაც ცნობილია, ამიტომ სამკერვალოს დამფუძნებლებს, ნინო სარუხანოვსა და ირინა ვიბლიანს არც საქმე აკლიათ და არც - პოპულარობა.

41 წლის ნინო და 46 წლის ირინა ჯორჯიაშვილში ცხოვრობენ. ერთმანეთს „ნირის“ გახსნამდეც იცნობდნენ და ისიც იცოდნენ, ჭრა-კერვა რომ ძალიან უყვარდათ, თუმცა ნინოს სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობა უკვე დიდი ხნის მიტოვებული ჰქონდა, ირინა კი საკუთარ ნახელავს მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სთავაზობდა. ქალების საერთო ინტერესები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ინიციატივებმა უფრო მჭიდროდ დააკავშირა.

პროექტი, რომლის განხორციელებაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი) 2019 წელს დაიწყო, სათემო მობილიზაციასთან ერთად, ადგილობრივი ქალების გაძლიერებას, მათთვის ახალი, ღირებული ცოდნის გაზიარებასა და მცირე გრანტებით მხარდაჭერას ემსახურება. ნინო და ირინა სწორედ ამ პროექტის მონაწილეები არიან. მათ ჯერ ბიზნესის დაწყებისა და მართვის შესახებ ტრენინგები გაიარეს, შემდეგ კი ადგილობრივი საჭიროებები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ სამკერვალო მომსახურებისთვის არა მარტო საკუთარი, არამედ მეზობელი სოფლებიდანაც ხალხი თეთრიწყაროში მიდიოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ქალების ბიზნესიდეაც.

თუმცა, ჩანაფიქრის რეალობად ქცევამდე ნინომ და ირინამ პროფესიული ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტეს, პროექტის დახმარებით სასწავლო გრანტი მიიღეს და ჭრა-კერვაში გადამზადდნენ. „ორივე მაინც მოყვარულები ვიყავით. ვიცოდით, რომ ეს სფერო სულ ვითარდებოდა, ამიტომ ახალ რეალობას უნდა მოვრგებოდით. სასწავლო კურსმა ცოდნა გაგვიახლა, განსხვავებული ტექნიკა გვასწავლა“, - იხსენებს ნინო.

გადამზადების შემდეგ ქალებმა ბიზნესის დასაწყებად ამავე პროექტიდან დაფინანსება მიიღეს და სამკერვალოს იდეა რეალობად აქციეს. ახალა ისინი „ნირის“ პოპულარიზაციისთვის სოციალურ ქსელებსაც აქტიურად იყენებენ და მომხმარებლებს არა მარტო სამოსის, არამედ თეთრეულის შეკერვასაც სთავაზობენ.

„საყვარელ საქმეს ვაკეთებთ და თან ჩვენი შრომით კმაყოფილ ადამიანებს ვხედავთ, მათგან მხარდაჭერასა და მოტივაციას ვგრძნობთ, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. თანაც, ოჯახებისთვისაც დამატებითი სტაბილური შემოსავალი მოგვაქვს “, - ამბობს ნინო. „ამ პროეტმა მოტივაცია მომცა, გამებედა და საკუთარი საქმიანობა მქონოდა. ჩანაფიქრი რეალობად მექცია“, - დასძენს ირინა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში, ნინოსა და ირინასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სასწავლო გრანტი 10-მა ქალმა მიიღო, საკუთარი ბიზნესი კი 25-ს დაუფინანსდა. თავად „ნირის“ დამფუძნებლები სამომავლოდ ბიზნესის განვითარებასა და კიდევ ერთი სამკერვალო მანქანის დამატებას გეგმავენ. ამბობენ, რომ ახალი მოწყობილობა მათ საქმიანობას მეტად მრავალფეროვანს გახდის.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან, „ფონდი ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიასთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.