კულინარიული მოგზაურობა და კრებული მეწარმე ქალების მხარდასაჭერად

თარიღი:

კრებულის "კულინარიული მოგზაურობა ქალ მეწარმეებთან" გმირები გზამკვლევის პრეზენტაციაზე კერძებს ამზადებენ. ფოტო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
კრებულის "კულინარიული მოგზაურობა ქალ მეწარმეებთან" გმირები გზამკვლევის პრეზენტაციაზე კერძებს ამზადებენ. ფოტო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის დახმარებით, ათ წელზე მეტია, სოფლად მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის მუშაობს და ამ მიზნის მისაღწევად ახალ, ინოვაციურ ინიციატივებს ახორციელებს.

სწორედ ინოვაციური გზების მუდმივმა ძიებამ გააჩინა იდეა კულინარიული მოგზაურობისა და გზამკვლევის მომზადების შესახებ, რომელიც სოფლად მცხოვრები, აგროტურიზმში დასაქმებული ქალების ისტორიებს, მათ მიერ მომზადებული კერძების რეცეპტებსა და ახალ ტურისტულ მარშრუტებს აერთიანებს. საგულისხმოა, რომ პროექტის განხორციელებაში ჩაერთო კერძო სექტორიც, კონკრეტულად კი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი ტერაბანკი და პუბლიკაცია „კულინარიული მოგზაურობა ქალ მეწარმეებთან“ სწორედ მისი მხარდაჭერით მომზადდა.

კრებული 10 ქალის ამბავსა და მათ შესანიშნავ აგროტურისტულ ობიექტებს აღწერს. მასპინძლების საქმიანობა მწერალ ეკატერინე ტოგონიძის ჩანაწერებითა და ლელი ბლაგონრავოვას ფოტოებითაა გადმოცემული. თითოეულ ისტორიას თან ახლავს ქალების საფირმო კერძების რეცეპტები და მათი ინტერპრეტაციები შეფ-მზარეულ მერიკო გუბელაძისგან. სწორედ ამ რეცეპტების მიხედვით მოამზადეს კერძები გზამკვლევის გმირებმა კრებულის პრეზენტაციაზე, რომელიც კახეთში, ერთ-ერთ აგროტურისტულ ობიექტში, „ლოსთ რიჯში“ გაიმართა. ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენი დაესწრნენ.

„თქვენი, როგორც სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების გავლენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. თქვენ არა მარტო ქმნით სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს, არამედ წარმოადგენთ როლურ მოდელებს სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი გიყურებთ და ამბობს: თუ მას შეუძლია ბიზნესს გაძღოლა, ე.ი. მეც შემიძლია იმავეს გაკეთება“, - აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა.

აღსანიშნავია, რომ კრებული მკითხველს ახალი აგროტურისტული ობიექტების აღმოჩენის საშუალებას აძლევს და მეწარმე ქალების საქმიანობას უწევს პოპულარიზაციას.

სწორედ ამ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღებას მისმა ერთ-ერთმა გმირმა, თაკო ჟურულმა, რომელიც კახეთში, სოფელ რუისპირში „ჟუკა-სანოს“ მარანს უძღვება: „პატარა საოჯახო მეურნეობებს, რაც არ უნდა წარმატებულები იყვნენ, მაინც მხარდაჭერა და ყურადღება მაინც სჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ მათ შესახებ ვინმე ჰყვებოდეს, სხვებს ამბავს უზიარებდეს. ვფიქრობ, ეს კრებული სწორედ ამიტომაა ასეთი საჭირო, აქტუალური და დროული, რომ საზოგადოებას არაერთი მეწარმე ქალი გააცნოს, გაგვამხნეოს და წინსვლის საშუალება შეგვიქმნას“, - აღნიშნავს თაკო.

საგულისხმოა, რომ პუბლიკაციის გმირები იმ 100 ქალს შორის არიან, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროგრამისთვის მთელი საქართველოდან შეირჩნენ, ჯერ პროფესიული ტრენინგები გაიარეს, შემდეგ კი საგრანტო კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა. ინიციატივა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.