ნინო ენუქიძის სიტყვებით: „ტექნოლოგიები მხარდაჭერის ყველაზე მძლავრი იარაღია“

თარიღი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე. ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე. ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე 35 წლისაა. მისი უშუალო მონაწილეობით, 2019 წელს უნივერსიტეტი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა და ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის მხარდასაჭერად, ინიციატივა „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ წამოიწყო. პროექტის დახმარებით, ტექნოლოგიურ პროფესიებში 2500-ზე მეტი გოგო მომზადდა, მათი 75% კი ამ ინდუსტრიაში დასაქმდა. ნინო ენუქიძე აქტიურად უჭერს მხარს ქალებისა და გოგოებისთვის IT განათლების ხელმისაწვდომობას, მათ დასაქმებასა და ტექნოლოგიების გზით გენდერული უთანასწორობის შემცირებას. ამჟამად იგი ჩართულია მასშტაბურ პროექტში „500 ქალი ტექნოლოგიებში“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მიზნად ტექნოლოგიებში გოგოების მონაწილეობის გაზრდას ისახავს.

Quote

თითქოს კომპლიმენტად ნათქვამი ფრაზა "კაცის ტვინი გაქვს" ჯერ კიდევ სკოლაში მიჩენდა პროტესტს. მოგვიანებით, სტუდენტობისას, აშკარად დავინახე, რომ ბიჭები მეტი პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ლექტორები თუ გადაწყვეტილებების მიმღებები კი სულ კაცები იყვნენ. მერეც, სხვადასხვა სფეროში მუშაობისას, არაერთხელ განმიცდია, რას ნიშნავს, როცა გინდა, რაღაც ახალი, კარგი გააკეთო, მაგრამ შენს აზრს მხოლოდ იმიტომ არ ითვალისწინებენ, რომ ქალი ხარ, ირგვლივ კი ყველა კაცია. სურვილი, რომ ასეთი უსამართლობა სხვა გოგოებს არ ეგრძნოთ, სულ მქონდა. მინდოდა, ამ რეალობის შეცვლაში ჩემი წვლილი შემეტანა, რისთვისაც ტექნოლოგიები საუკეთესო შესაძლებლობა აღმოჩნდა.

2019 წელს, როცა უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების ყველაზე მოთხოვნად პროგრამაზე ღია კარის დღე გვქონდა, მხოლოდ 1 გოგო მოვიდა, დანარჩენი აბიტურიენტები ბიჭები იყვნენ. შეხვედრის შემდეგ პროგრამის გენდერული სტატისტიკით დავინტერესდი. აღმოვაჩინე, რომ უნივერსიტეტის ძალისხმევა - ციფრული ტრანსფორმაციისთვის ხელი შეეწყო და ტექნოლოგიები თითოეულ სფეროში შეეტანა, მხოლოდ ბიჭებზე ახდენდა გავლენას, გოგოები ამ ყველაფრის მიღმა რჩებოდნენ. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც პრობლემა მკაფიოდ დამანახა და მიბიძგა, დახმარებისთვის გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის მიმემართა.

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის შემდეგ, მალევე, „კოდინგის სკოლა ქალებისთვის“ დავიწყეთ. მაშინ მსურველების შეგროვება ძალიან გაგვიჭირდა, გოგოები ტექნოლოგიების შესწავლის უფასო კურსზეც არ რეგისტრირდებოდნენ, ამიტომ 8 მონაწილე ჩვენს სტუდენტებს შორის, პრაქტიკულად ხვეწნით დავითანხმეთ და პირველი ნაკადი საკუთარი რესურსით მოვამზადეთ. მომდევნო ეტაპზე უკვე სხვა კომპანიები და დონორები შემოგვემატნენ, გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობაც. ზოგადად ამ ინიციატივამ უნივერსიტეტში ბევრი პოზიტიური ცვლილება მოიტანა: IT პროგრამაზე ახლა ორჯერ მეტი გოგო გვყავს, გაიზარდა იმ ქალი ლექტორების რიცხვიც, რომლებიც ტექნოლოგიებს ასწავლიან და თუ პირველ ნაკადზე 8 მსურველი ძლივს შევკრიბეთ, ახლა პროექტში „500 ქალი ტექნოლოგიებში“, რომელიც ტექნოლოგიურ პროფესიებში გოგოების მომზადებასა და დასაქმებას ემსახურება, 4 ათასი რეგისტრირებული გვყავს. ეს ძალიან შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

ტექნოლოგიები ქალების მხარდაჭერის ყველაზე მძლავრი იარაღია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია გენდერული უთანასწორობის შემცირებაში სწრაფი და გარდამტეხი ცვლილებების შეტანა, იმ უსამართლობის დამარცხება, რასაც გოგოები არა მარტო ტექნოლოგიებში, არამედ ზოგადად, საკუთარი სქესის გამო აწყდებიან. შესაბამისად, ამ ინდუსტრიის შესაძლებლობების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ქალების ტექნოლოგიებში ჩართულობა თავად სფეროს განვითარებაზეც პოზიტიურად აისახება. დღეს ინდუსტრიაში კადრების სერიოზული დეფიციტია, გოგოების პოტენციალი კი - სრულად აუთვისებელი. კარგია, რომ ამას თავად კომპანიებიც აცნობიერებენ და მზად არიან, თუნდაც ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, 500 ქალს ასწავლონ, სტაჟირება გაატარონ, დაასაქმონ. რა თქმა უნდა, ორგანიზაციებს არასდროს ვეუბნებით, რომ ქალები სამსახურში მხოლოდ სქესის გამო აიყვანონ. ჩვენ ვთხოვთ, მათ თანაბარი პირობები შეუქმნან და როცა ქალი ღირსეული კონკურენტია, მხარი მას დაუჭირონ. საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება მომგებიანი და სასიკეთო არა მარტო კანდიდატისთვის, არამედ თავად კომპანიისთვისაცაა. წარმატებულ ორგანიზაციებში საუკეთესო შედეგებს ხომ დაბალანსებული, გენდერულად თანასწორი გუნდები ქმნიან, მათ შორის ტექნოლოგიების კუთხითაც.

სამწუხაროდ, საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბარიერი - ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა კვლავაც მწვავე პრობლემაა. გოგოების დიდ ნაწილს შესაბამის მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა და ვფიქრობ, ყველას ძალისხმევა მისი დაძლევისკენ უნდა იყოს მიმართული. მჯერა, რომ ასეთ შემთხვევაში ტექნოლოგიები კიდევ უფრო ბევრი ქალის ცხოვრებას შეცვლის და ქვეყნისთვისაც კარგ შედეგს მოიტანს“.