„შეცვალე მომავალი“ - კონფერენცია ტექნოლოგიებში გოგოების მხარდასაჭერად

თარიღი:

მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: Women Techmakers Georgia
მონაწილეების ჯგუფური ფოტო. ფოტო: Women Techmakers Georgia

გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობა, მათი ხელშემწყობი და სამოტივაციო ინიციატივების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კერძო სექტორსა თუ სხვადასხვა გაერთიანებასთან თანამშრომლობს და ხელს უწყობს ღონისძიებებს, რომლებიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების მონაწილეობის გაზრდას ემსახურება.

სწორედ ამ მიზანს ისახავდა ტექნოლოგიური კონფერენცია „შეცვალე მომავალი“, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა და Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქალები, რომლებიც ტექნოლოგიებში წარმატებით საქმიანობენ და საკუთარი შთამბეჭდავი მაგალითებით სხვა გოგოებსაც მოტივაციას აძლევენ.

ერთდღიანმა ტექნოლოგიურმა კონფერენციამ საგანმანათლებლო გამოსვლები და სასარგებლო კავშირების დასამყარებლად საჭირო, მნიშვნელოვანი აქტივობები გააერთიანა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალების სამოტივაციო გამოსვლებისთვის, პირადად გასაუბრებოდნენ მათ და ა.შ. ღონისძიების მთავარ თემებს ხელოვნური ინტელექტი, ვებაპლიკაციები, სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციები და ა.შ. წარმოადგენდა.

„6 თვეა, ტესტერად ვმუშაობ. ტექნოლოგიების სფეროში გაყიდვებიდან მოვედი, მერე შვილი გავაჩინე და სამი წელი არ ვმუშაობდი. დღევანდელი ღონისძიების შესახებ თანამშრომლებისგან გავიგე, ასეთ კონფერენციაზე პირველად ვარ და ძალიან მომწონს. ბევრი ინფორმაცია გავიგე ჩემი მიმართულების თუ მთლიანად სფეროს შესახებ, კიდევ ერთხელ დავინახე, როგორი ძლიერები ვართ ქალები ამ დარგში და რომ შეგვიძლია, ტექნოლოგიებში ჩვენი მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ“, - აღნიშნა კონფერენციის ერთ-ერთმა სტუმარმა, ცირა დურგლიშვილმა.

Google's Women Techmakers-ის ღონისძიება საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა. ის ტექნოლოგიებში გენდერული თანასწორობის გამოწვევების დაძლევასა და ამ სფეროში გოგოების მხარდაჭერას, ახალი ცოდნის გაზიარებასა და სასარგებლო კავშირების დამყარებაში ხელშეწყობას ემსახურება.

ტექნოლოგიური კონფერენციის პარტნიორობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.