როცა მასწავლებლები წარმატებული ფერმერებიც ხდებიან

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი მერძევე ქალებისთვის ფერმერთა სკოლები ფუნქციონირებს. ამ სკოლებში მონაწილეები იტალიური ყველის დამზადებას სწავლობენ და, პარალელურად, მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის ადმინისტრირების შესახებ ტრენინგკურსს გადიან. პროექტის ფარგლებში ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ მნიშვნელოვან ცოდნასაც იღებენ.

თარიღი:

შორენა შონია, 48 წლის ფერმერი სოფელ ფახულანიდან ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
შორენა შონია, 48 წლის ფერმერი სოფელ ფახულანიდან ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„ქალი რომ ეკონომიკურად გაძლიერდება, ძალადობასაც წინ უფრო მარტივად აღუდგება“, - შორენა შონია, 48 წლის ფერმერი სოფელ ფახულანიდან

„პირველი ძროხა პატარა დამიობლდა და მეზობლებში ნათხოვარი რძითა და საწოვარათი გავზარდე. საქონელთან ურთიერთობაც მასზე ზრუნვამ შემაყვარა. დღემდე ოჯახის წევრივით მყავს, „ჩემს ერთ ცალს“ ვეძახი. ამ ძროხამ მომიტანა პირველი შემოსავალი და მერეც არაერთი გაჭირვება გადამატანინა“, - იხსენებს შორენა შონია.

48 წლის შორენას სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავს. პროფესიით ფილოლოგი, წლების განმავლობაში ადგილობრივ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ახლა ის ფახულანის საბავშვო ბაღის გამგეა, 14 ძროხა ჰყავს და ზოგჯერ დღეში 50 ლიტრამდე რძეს წველის, პარალელურად კი, ღორებს, ქათმებსა და ინდაურებსაც უვლის.

შორენა, ძირითადად, ჭყინტ ყველს, სულგუნს, ხაჭოსა და მაწონს ამზადებს და სოფელშივე, მუდმივ მომხმარებლებზე ჰყიდის, თუმცა ბოლო პერიოდში იგი კი უკვე იტალიური ყველის - კაჩოტასა და კაშხავალი ნაირსახეობითაცაა ცნობილი.

კაჩოტასა და კაშხავალის მომზადება შორენამ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის დახმარებით, ფერმერთა სკოლაში, სხვა 21 ფახულანელ ქალთან ერთად შეისწავლა. „თავიდან ვიფიქრეთ, დაძველებული ყველი კარგი როგორ უნდა იყოსო, მაგრამ თან ძალიან დავინტერესდით. შედეგითაც აღფრთოვანებულები დავრჩით. მერე ჩემი კაჩოტა სხვებსაც განსაკუთრებით მოეწონათ, გამოფენაზე რომ წარვადგინე, სულ გაიყიდა“, - ამბობს შორენა და დასძენს, რომ ქალებისთვის საკუთარი საქმისა და შემოსავლის ქონა უმნიშვნელოვანესია.

„ბიზნესის წარმოება და მართვაც ვისწავლეთ, თუმცა ქალებზე, ჩვენს უფლებებზე, თანასწორობაზე რომ ცოდნა მივიღეთ, ამას კიდევ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. დავინახეთ, რომ ქალი რომ ეკონომიკურად გაძლიერდება, ძალადობასაც წინ უფრო მარტივად აღუდგება“, - აღნიშნავს შორენა და გეგმავს, რომ გაფართოებასთან ერთად, სხვა ქალებიც დაასაქმოს და შემოსავლის მიღებაში მათაც დაეხმაროს.

ელიზა კალანდია, 57 წლის ფერმერი სოფელ კურზუდან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ელიზა კალანდია, 57 წლის ფერმერი სოფელ კურზუდან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„ეკონომიკურად ძლიერი ქალი ოჯახსაც აძლიერებს და ქვეყანასაც“, - ელიზა კალანდია, 57 წლის ფერმერი სოფელ კურზუდან

57 წლის ელიზა კალანდია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში ცხოვრობს და ადგილობრივ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. 2 შვილი ჰყავს და, წლებია, თანასოფლელი ქალების მსგავსად, ტრადიციული ყველის მომზადება მისთვისაც ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

მერძევეობას ელიზას მეუღლესთან ერთად ეწევა. ამბობს, რომ საქმე გადანაწილებული აქვთ: ძროხებს ქმარი უვლის და წველის, ყველი კი თავად ამოჰყავს. დაბალანსებული შრომა ელიზას ეხმარება, მასწავლებლობა და ფერმერობა ერთმანეთს შეუთავსოს და საქმიანობა კიდევ უფრო განავითაროს. მით უფრო, ახლა, როცა ფერმერთა სკოლაში ნასწავლ იტალიურ კაჩოტას აქტიურად ამზადებს და მომხმარებლებში მოწონებასაც იმსახურებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტის შესახებაც ელიზამ მეუღლისგან შეიტყო, კურზუში 20 ქალი შეაგროვა და ფერმერთა სკოლის შეხვედრებს საკუთარ სახლში უმასპინძლა.

„სულ ვფიქრობდი, ყველი როგორ უნდა გავყიდო-მეთქი, მაგრამ პროექტმა ეს უნარებიც გამომიმუშავა. ახლა ყველა გამოფენაში ვმონაწილეობ და ჩემი ოჯახისთვის შემოსავალი მომაქვს. განსაკუთრებით სხვა ქალებთან კომუნიკაცია მიხარია: განსხვავებული თაობის მეწარმეები ვართ, მრავალფეროვანი პროდუქტებით, მიყვარს, როცა მათგან სიახლეებს ვსწავლობ“, - ჰყვება ელიზა.

პროექტის დახმარებით, ფერმერმა საჭირო აღჭურვილობა მიიღო, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით კი 4 მაცივარი შეიძინა, ელექტროენერგიის უწყვეტი წყარო გამართა და ახლა საწარმოს გახსნისთვის ემზადება. „ყველის წარმოება სრულად თანამედროვე სტანდარტებით გვექნება. მინდა, გახსნაზე ჩემი მოსწავლე გოგოებიც მოვიწვიო, ვაჩვენო, რა როგორ ხდება, იქნებ დაინტერესდნენ კიდეც, ამ საქმეს გაჰყვნენ და გაძლიერდნენ. ეკონომიკურად ძლიერი ქალი ოჯახსაც აძლიერებს და ქვეყანასაც“, - ამბობს ელიზა.

ფერმერთა სკოლები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.