ქალები, რომლებიც არ არსებობენ - კამპანია სტერეოტიპების წინააღმდეგ

თარიღი:

საინფორმაციო აბრა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ ფარგლებში განთავსდა. ფოტო: ვოთერგანზი
საინფორმაციო აბრა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელებული ცნობიერების ამაღლების კამპანიის „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ ფარგლებში განთავსდა. ფოტო: ვოთერგანზი

საქართველოში ქალების პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება, საზოგადოება კი ინდუსტრიებს კვლავაც „კაცისა და ქალის საქმეებად“ ჰყოფს. მცდარი შეხედულებები ქალების დიდ ნაწილს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას არ ძლევს.

სწორედ აუხდენელ პროფესიულ მიზნებზე დააფიქრა საზოგადოება საინფორმაციო აბრებმა, რომლებიც აპრილის დასაწყიში თბილისის ქუჩებში გამოჩნდა და ყველას შეახსენა, რომ ამ სახლში შესაძლოა, ეცხოვრა გამოჩენილ ქალ მფრინავს, ფიზიკოსს, პროგრამისტსა თუ ფეხბურთელს. თუმცა, ყველა მათგანი დაარწმუნეს, რომ მათი საოცნებო პროფესია „ქალის საქმე არ არის“, ან მას „კაცის ტვინი სჭირდება“.

საინფორმაციო აბრები ცნობიერების ამაღლების კამპანიის „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ ნაწილს წარმოადგენდა. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით განხორციელდა, იდეა და შესრულება კრეატიულ სააგენტო „ვოთერგანზს“ ეკუთვნოდა, პროექტის მთავარი პარტნიორი კი კომპანია „ბოდი შოპი“ იყო. კამპანიის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“. აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში ჩართული კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და კამპანიის ირგვლივ გაერთიანებაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილი იყო.

საინფორმაციო აბრებთან ერთად, კამპანია ციფრულ კონტენტსაც მოიცავდა. 4 აპრილიდან 10 მაისამდე პოპულარული სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა ვიდეოები, ფოტოები და ილუსტრაციები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენდა, რომ გოგოებს უფლება აქვთ, საოცნებო საქმე თავად აირჩიონ და პროფესიული გზა სტერეოტიპების გარეშე გაიარონ. კამპანიაში ჩართულობამ 842 000 -მდე ონლაინმომხმარებელი გააერთიანა, მისმა მოცვამ კი დაახლოებით 754 000 შეადგინა.

კამპანია „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ რეალურ ისტორიებს დაეყრდნო, რომლებიც სპეციალურ ვებგვერდზე www.unstereotype.ge განთავსდა. “მეზღვაურობა მინდოდა, სულ ზღვაში გასვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ ამ ოცნებას ხაზი სამუდამოდ გადაუსვეს: ქალს გემზე რა უნდაო“, "მეღვინეობა რა ქალის საქმეაო, მიმეორებდნენ ხოლმე და მეც დავიჯერე", „თანდათან ჩამომაშორეს ჩემს ოცნებას და სულ სხვა მომავალი დამიგეგმეს“, - ეს ფრაგმენტები სწორედ ამ რეალური ამბებიდანაა.

„ბრენდის დაარსების დღიდან „ბოდი შოპის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ქალების გაძლიერება და გულშემატკივრობაა. მუდმივად ვიბრძვით იმ უსამართლობის, სტერეოტიპებისა თუ არასწორი შეხედულებების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლის მათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებასა და სასურველი მიზნების მიღწევაში. ამ კუთხით საქართველოშიც აქტიურად ვმუშაობთ. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერებიც ვართ და ეს კამპანიაც, რომელშიც თავიდანვე ენთუზიაზმით ჩავერთეთ, ჩვენი ღირებულებების რეალიზების კარგი შესაძლებლობაა. თუ მისი დახმარებით, ერთი გოგო მაინც მიაღწევს დასახულ პროფესიულ მიზანს, ჩავთვლით, რომ ჩვენი მისია შევასრულეთ“, - აღნიშნავს „ბოდი შოპის“ მარკეტინგისა და აქტივიზმის ხელმძღვანელი ელენე გუგუშვილი.

აღსანიშნავია, რომ სტერეოტიპებთან ბრძოლა კამპანიის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება. თბილისის კედლებზე განთავსებული საინფორმაციო აბრები, როგორც დამსხვრეული პროფესიული ოცნებების სიმბოლო, ერთ დიდ კედელზე მოიყრის თავს და ყველას შეახსენებს, რომ პროფესიები სქესის ნიშნით არ იყოფა. კამპანიას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოც, რომელიც პროექტის განხორციელებაში ასევე იყო ჩართული. მისი ინიციატივით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას იმ ქართველი ქალების სახელები მიენიჭა, რომლებმაც ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

კამპანია პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.