გაეროს ქალთა ორგანიზაცია კრეატიულ ინდუსტრიაში სტერეოტიპების წინააღმდეგ
თარიღი:
სარეკლამო და კრეატიული ინდუსტრია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, კულტურული ნორმების ჩამოყალიბებისა და არსებული მცდარი წარმოდგენების ცვლილების მძლავრი იარაღია. სწორედ ამიტომ, თავად ამ სფეროს განვითარების ერთ-ერთი გლობალური, თანამედროვე ტრენდიც ისეთი კამპანიებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიების შექმნას გულისხმობს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჯანსაღი დამოკიდებულებების ფორმირებასა და გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას.
საქართველოს კრეატიული ინდუსტრია დღესდღეობით ერთ-ერთი განვითარებული და წარმატებული სფეროა, რასაც არაერთი მსოფლიო მასშტაბის წარმატება და ჯილდოც ადასტურებს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს დარგის სპეციალისტებთან, რათა თანასწორობის მნიშვნელობა ინდუსტრიაშიც მეტად გამოკვეთოს და მისმა წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემაზე მუშაობისას შესაბამისი საკითხებიც გაითვალისწინონ. საგულისხმოა, რომ ქართული კრეატიული სააგენტოების ნაწილი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერიცაა.
ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სარეკლამო სფეროს თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea-ს ოფიციალური პარტნიორობაც. ტრადიციული ფესტივალი რეგიონში ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მარკეტერებსა და კომპანიების ხელმძღვანელებს აერთიანებს. წელს ის 14-16 სექტემბერს ბათუმში ჩატარდა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საინტერესო სპიკერებს ამჯერად აგგა იონსდოტირსა და სელმა თორსთეინსდოტირს უმასპინძლა.
აგგა იონსდოტირი და სელმა თორსთეინსდოტირი ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კრეატიული სააგენტოს, Pipar/TBWA-ის დამფუძნებლები არიან. Ad Black Sea-ზე მათი გამოსვლის მთავარი თემა კი სარეკლამო და კრეატიულ ინდუსტრიებში ქალების როლის წარმოჩენა და საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების შეცვლა იყო. სპიკერებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის შექმნილ კამპანიაზე, რომელიც კანის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის გამარჯვებული გახდა.
„გამოსვლა ძალიან შთამაგონებელი აღმოჩნდა. მომეწონა მთავარი იდეა, რომ კრეატივს არ აქვს სქესი და ქალებს ისევე როგორც სხვა სფეროებში, მარკეტინგშიც დიდი შესაძლებლობები აქვთ. მთავარია, არ შეეშინდეთ და შექმნან რაღაც ახალი. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ფრაზა, რომ გრძნობები უნივერსალურია და ყველანაირი იდეა აზრს კარგავს, თუ ადამიანებში, სქესის განურჩევლად, საერთო ემოციას არ იწვევს“, - აღნიშნა მარკეტერმა და ფესტივალის ერთ-ერთმა დამსწრემ ნინო ლიპარტელიანმა.
მონაწილეებისთვის განსხვავებული გამოცდილების გაზიარებას, ახლებური წარმოდგენების შექმნისა და იდეების ინსპირაციას ისახავდა მიზნად სპეციალური მასტერკლასიც, რომელიც სპიკერებმა ფესტივალის ფარგლებში გამართეს. კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლებს მათ ის პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს, რომლებიც თანამედროვე, ინოვაციური და ჯანსაღ ღირებულებებზე დაფუძნებული კამპანიების შესაქმნელადაა აუცილებელი. “ერთობლივი მასტერკლასი ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. მონაწილეების თვალებში დავინახეთ მოტივაცია, რომ მზად არიან, შექმნან ისეთი სარეკლამო რგოლები, რომლებიც შეცვლის მსოფლიოს და მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ. ვამაყობთ, რომ ასეთი გულანთებული ჯგუფი შეგხვდა: როდესაც ვუყურებდით ამ ახალგაზრდა პროფესიონალებს, მივხვდით, რომ საქართველოს ნამდვილად ძალიან დიდი მომავალი აქვს“,- აღნიშნა Pipar/TBWA-ს დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა, სელმა თორსთეინსდოტირმა მასტერკლასის დასრულების შემდეგ.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და Ad Black Sea-ს პარტნიორობა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.