ნასტასია არაბულის სიტყვებით: „მომეწონება, თუ იზოლაციის პერიოდი ქალის ვალდებულებების მასშტაბს გამოაჩენს"

თარიღი:

ნასტასია არაბული; ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ნასტასია არაბული; ფოტო: მანანა ქველიაშვილი

რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი ნასტასია არაბული ქალთა საკითხებს აქტიურად აშუქებს და ამ მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციასთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს. ნასტასია ჩართული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინტერაქტიულ გამოფენაში "ძალადობის ინტერიერი" და მონაწილეობდა #WikiGap-ისადმი მიძღვნილ ედიტათონში, რომელიც 2018 წელს საქართველოში შვედეთის საელჩოს, ქართული ვიკიპედიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ვიკიპედიის მომავალი ქართველი ქალი რედაქტორებისთვის გაიმართა.

Quote

ეს ამბავი ძალიან ჰგავს მშობიარობის შემდეგ დეპრესიას - შენთვის უცნობ მდგომარეობაში ხარ, ათას რამეზე ფიქრობ, ხან გეშინია, ხან ნერვიულობ, ყველაფერს კითხულობ და ყველაზე მეტად ის გინდა, რომ მარტო იყო, დრო გქონდეს მხოლოდ საკუთარი თავისთვის, საკუთარ მღელვარებებში გარკვევისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელია. სხვას, შენზე დამოკიდებულს შენი ზრუნვა სჭირდება.

მესამე თვეა, სკოლა და ბაღი დაკეტილია, თითქმის ორი თვეა, სახლი გახდა ოფისიც, სასწავლო დაწესებულებაც, სათამაშო მოედანიც და შენ მუდმივად გაწუხებს სინდისი, რომ იმდენ დროს ვერ უთმობ ბავშვებს, რამდენსაც ჩვეულებრივ შინ ყოფნისას, დასვენების დღეებში ან არდადეგებზე. თან საქმეზე დარდობ: სანამ საჭმელს ამზადებ, ამ დროს შეგეძლო, ინტერვიუ გაგეშიფრა და დღეს მაინც დაგემთავრებინა დროულად მუშაობა.

ახლა თითქოს ამის დრო არ არის, მაგრამ ორმაგად ცუდად მხვდება თვალში, როცა სკოლიდან ელექტრონულ წერილებს მხოლოდ დედებს უგზავნიან, როცა ქალები ამბობენ, რომ ქმრები სახლის საქმეებში ეხმარებიან და მადლიერებით აღნიშნავენ, რომ ეს მათ მდგომარეობას ამსუბუქებს, როცა რეკომენდაციები სახლის უფრო ყურადღებით დალაგების შესახებ ქალებისთვის გაიცემა. კორონავისურით ინფიცირებულებთანაც კი ძირითადად სამედიცინო სფეროს ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლები - ექთანი ქალები მუშაობენ. ამ ვერაგმა და ჯერ ამოუცნობმა ვირუსმა ერთი მხრივ აჩვენა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ცოდნები ზოგ საკითხში ძალიან შეზღუდულია და მეორე მხრივ დაგვანახა, რომ ჩვენს წარმოდგენებს თანასწორობის შესახებ არაფერი აქვს საერთო თანასწორობასთან.

არსებობს მოსაზრება, რომ კოვიდ-19-ის შემდეგ აღარაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე იყო. ვერ გეტყვით, რომ რადიკალური ცვლილებების გარდაუვლობის მჯერა, მაგრამ მომეწონება, თუკი იზოლაციის პერიოდი ქალის ვალდებულებების, საქმეებისა და ემოციების ქარიშხლების მასშტაბს გამოაჩენს, თუკი აღარ ჩაითვლება, რომ როცა კაცი საოჯახო საქმეს აკეთებს, ამით ქალს ეხმარება და თუკი მეტი ქალი შეძლებს კარიერის მაღალ საფეხურზე ასვლას".