გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანია კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიამ „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ კრეატივის საერთაშორისო ფესტივალზე Ad Black Sea ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთიც ბრინჯაოს ჯილდო მიიღო. კამპანია, რომლის იდეა და შესრულება კრეატიულ სააგენტო „ვოთერგანზს“ ეკუთვნოდა, 4 აპრილიდან 10 მაისამდე მიმდინარეობდა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებდა, რომ საქართველოში პროფესიული არჩევანი გენდერული სტერეოტიპებით ხშირად იზღუდება, ინდუსტრიები „კაცისა და ქალის საქმეებად“ იყოფა, ამგვარი შეხედულებების გამო კი, ქალების დიდ ნაწილს საკუთარი პოტენციალის გამოვლენის საშუალება არ აქვს.
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea რეგიონის ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა. მის ფარგლებში გამართული გამოსვლები, მასტერკლასები და სხვა ინიციატივები კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს. ფესტივალი ტრადიციულად ამ სფეროს გამორჩეულ ნამუშევრებსაც აფასებს. კამპანიამ „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ ორი ოქრო კრეატიულ სტრატეგიასა და მდგრადი განვითარების მიზნების ნომინაციებში მიიღო, ვერცხლი -არასტანდარტული მედიის გამოყენებაში, ბრინჯაო კი - სამიზნე აუდიტორიის მოცვაში.
„მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ტიპის კამპანიები ფასდება, რადგან დიდი რესურსი იხარჯება კომუნიკაციაში, რომლის უდიდესი წილი პროდუქტის პოპულარიზაციასა და გაყიდვას ემსახურება. ვფიქრობ, ბრენდები უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ხალხის გულთან სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის, საერთო კეთილდღეობის თემებია უფრო ახლოს და ამ გზით ბევრად მარტივად მიიღებენ მომხმარებლის ყურადღებას და სიყვარულსაც“, - აღნიშნავს ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მარკეტერი ნუკა შევარდნაძე.
კამპანიის „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ მთავარი პარტნიორი კომპანია „ბოდი შოპი“ იყო. კამპანიის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“. აღსანიშნავია, რომ ინიციატივაში ჩართული კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და კამპანიის ირგვლივ გაერთიანებაც სწორედ ამ პრინციპების მხარდაჭერის ნაწილი იყო. კამპანიას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოც, რომელიც პროექტის განხორციელებაში ასევე იყო ჩართული. მისი ინიციატივით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას იმ ქართველი ქალების სახელები მიენიჭა, რომლებმაც ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
კამპანია პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.