გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა საერთაშორისო დღე სამეგრელოში, ფერმერთა სკოლის მონაწილეებთან აღნიშნა

თარიღი:

გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდში, რომლის მიმდინარეობისასაც ფერმერმა ქალებმა ქართული და ევროპული წესით მომზადებული ყველის მრავალფეროვანი სახეობები წარადგინეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდში, რომლის მიმდინარეობისასაც ფერმერმა ქალებმა ქართული და ევროპული წესით მომზადებული ყველის მრავალფეროვანი სახეობები წარადგინეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალთა საერთაშორისო დღე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამეგრელოს რეგიონში, ფერმერთა სკოლებში მონაწილე ადგილობრივი მერძევე ქალებისთვის გამართული ღონისძიებებით აღნიშნა.

8-9 მარტს წალენჯიხასა და ზუგდიდში მცხოვრები ფერმერი ქალებისთვის ბრენდინგისა და კომუნიკაციის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერის, საკონსულტაციო ჯგუფ „ჯეპრას“ კონსულტანტები უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს პროდუქტების ბრენდირებისა და კომუნიკაციის შესახებ ღირებული ცოდნა გაუზიარეს და სასარგებლო რჩევებიც მისცეს.

10 მარტს კი ფერმერთა სკოლების მონაწილე ქალებს, რომლებმაც გაეროს ქალთა გაძლიერების ხელმომწერი კომპანიის, ლიბერთი ბანკის ტრენინგცენტრის მხარდაჭერით ტრენინგები გაიარეს, სპეციალურ ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ 300-მდე მერძევე ქალმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 8 თვის განმავლობაში ბიზნესის დაწყებისა და განვითარების შესახებ ტრენინგები გაიარა. ამ პერიოდის განმავლობაში მათ მეწარმეობის არსი, საინვესტიციო წინადადებების მომზადება, ბიზნესგეგმის შედგენა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს.

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, 2021 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფერმერთა სკოლები ფუნქციონირებს. ფერმერთა სკოლებში მონაწილეები იტალიური ყველის დამზადებას სწავლობენ, ლიბერთი ბანკის ტრენინგცენტრის კურსის ფარგლებში კი მეწარმეობის, ლიდერობისა და ბიზნესის ადმინისტრირების პრინციპებს ეცნობიან. ამას გარდა, ისინი ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერებასაც იმაღლებენ.

„ამ დრომდე მხოლოდ ტრადიციული ყველის ამოყვანა ვიცოდით. ახლა კი ევროპული წესით მომზადებაც ვისწავლეთ, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ, მით უმეტეს, რომ მისი წარმოება ბევრად უფრო შემოსავლიანია. ტრენინგები ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზეც გავიარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პროექტმა მონაწილეების ცნობიერება ამ კუთხითაც აამაღლა. ახლა ქალები საკუთარ როლს, თანასწორობას სხვანაირად უყურებენ. პირადად მე პროექტმა მომცა მოტივაცია, რომ არ გავჩერდე და მიღებული ცოდნა აუცილებლად გამოვიყენო“, - აღნიშნა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე ფერმერთა სკოლების ერთ-ერთმა მონაწილემ, აზა ცანავამ, რომელიც სოფელ ანაკლიაში ცხოვრობს და 15 წელია მერძევეობას ეწევა.

ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 11 მარტს, ზუგდიდში, გამოფენა-გაყიდვით გაგრძელდა, რომლის მიმდინარეობისასაც ფერმერმა ქალებმა ქართული და ევროპული წესით მომზადებული ყველის მრავალფეროვანი სახეობები წარადგინეს.

„ამ პროექტი მთავარი მიზანია, ფერმერმა ქალებმა ასორტიმენტი გააფართოონ, ყველის წარმოებიდან მიღებული შემოსავალი გაზარდონ და ეკონომიკურად გაძლიერდნენ. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ პროექტმა მონაწილე ქალები კიდევ უფრო თავდაჯერებულები და აქტიურები გახადა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისინი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და სათემო შეკრებებში ინტენსიურად ჩაერთნენ, ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვისას უკვე საკუთარ ინტერესებს გამოხატავენ, რითაც ბიუჯეტი გენდერულად დაბალანსებული ხდება“, - განაცხადა შვეიცარიის საელჩოს ეკონომიკური განვითარების პროექტების კოორდინატორმა, ბექა თაგაურმა.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პროექტის „ფერმერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მხარდაჭერით ფერმერთა საველეს სკოლების (FFS) მიდგომების გზით“ ნაწილს წარმოადგენდა. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.