მოხალისეები თანასწორობისთვის

თარიღი:

მოხალისეების გუნდი ანაკლიიდან. ფოტო გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
მოხალისეების გუნდი ანაკლიიდან. ფოტო გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მონაწილეობის გარეშე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების მიღწევა, მათ შორის გენდერული თანასწორობის კუთხით, შეუძლებელია. უკვე 10 წელზე მეტია, სამეგრელოს რეგიონში, სოფელ ანაკლიაში, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოციალური მობილიზაციის კომპონენტის ფარგლებში, მოხალისეთა არაერთი თაობა იზრდება. ენთუზიაზმითა და საინტერესო ინიციატივებით, ახალგაზრდები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ცხოვრებას სასარგებლო აქტივიზმით აცოცხლებენ და მოტივაციას ბევრ ადგილობრივ თანატოლს აძლევენ.

ახალგაზრდა მოხალისეების ისტორია ანაკლიაში ფონდ „ნეფას“ უკავშირდება. 2010 წელს, როცა ფონდის დამფუძნებლებმა, ნინო ყორშიამ და მაია ფიფიამ თვითდახმარების ჯგუფის შექმნა დაიწყეს, საქმიანობაში ახალგაზრდებიც ჩართეს: „მაშინვე ვიცოდით, რომ განვითარება და ცვლილებები მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. თავდაპირველად სკოლის მოსწავლეები კომპიუტერის შესწავლითა და კინოჩვენებებით დავაინტერესეთ, თუმცა თანდათან მათი მონაწილეობა ისე გაიზარდა, რომ დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა: ჩვენი საქმიანობა ახალგაზრდა მოხალისეების გარეშე ასეთი მრავალფეროვანი და შედეგიანი არ იქნებოდა. ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თვითონ ახალგაზრდებისთვისაც. ბევრმა მათგანმა სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა და აქ მიღებული ღირებულებების გაზიარება კარიერულად გააგრძელა“, - იხსენებს ნინო ყორშია.

ახლა მოხალისეების ძირითადი გუნდი 5 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან: 16 წლის ლიზი ჯიქია, 15 წლის სესილი ჩხარტია, 15 წლის სანდრო თოლორაია, 16 წლის მეგი ხუნწარია და 15 წლის ქრისტინა გულორდავა. სულ კი ფონდის საქმიანობების ირგვლივ 30-მდე მოხალისეა გაერთიანებული.

ახალგაზრდებმა ერთმანეთი „ნეფაში“ გაიცნეს და სასკოლო გაზეთების გამოშვებით, პირველი მოხალისეობრივი გამოცდილება მიიღეს. გაზეთებს დებატების კლუბის ჩამოყალიბება, გენდერულ სტერეოტიპებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე საინფორმაციო კამპანიები, დასუფთავების აქციები და გარემოსდაცვითი აქტივობები მოჰყვა.

„ჩემი მეგობრებისგან გავიგე „ნეფას“ შესახებ. ისე მომეწონა, ზოგჯერ აქ მოსასვლელად ცუდ ამინდსა და სიცივეში 2-3 კილომეტრს ფეხით გავდიოდი. იმედი მაქვს, მოხალისეების ის თაობა ვიქნებით, ვინც ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს“, - აღნიშნავს ლიზი. „ყველა თემაზე თავისუფლად ვსაუბრობთ. პრობლემებს ვისმენთ და გადაჭრის გზებს ერთად ვეძებთ“,- ამბობს მეგი, „აქ იბადება იდეები, რომლებიც შემდეგ ჩვენს სოფელსა და თემს ადგება“, - აგრძელებს სანდრო, ქრისტინა კი აღნიშნავს, რომ „ნეფა“ მისთვის არაფორმალური განათლების მიღების მნიშვნელოვანი ადგილია: „ანაკლიაში არ ვართ სხვადასხვა ღონისძიებით განებივრებულები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თვითონ შევქმნათ ისინი და სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ“, - ამბობს ის. საგულისხმოა, რომ „ნეფაში“ მიღებული გამოცდილებით, ახალგაზრდები უკვე სხვა ორგანიზაციების ინიციატივებშიც მონაწილეობენ.

მოხალისეობა გადამდებია. ანაკლიელი ახალგაზრდების საქმიანობა ბევრი თანატოლისთვისაა მიმზიდველი. გუნდის ლიდერებიც ძალისხმევას არ იშურებენ და მსურველებს ადამიანის, ქალებისა და ბავშვების უფლებებზე ტრენინგებს უტარებენ, აქტივობების განხორციელებას ასწავლიან და მომდევნო თაობის მოხალისეებად ამზადებენ. მალე უმაღლესი განათლების მისაღებად წავლენ, ამიტომ ცდილობენ, ფუნქციები თანდათან იმ ახალგაზრდებს გადაუნაწილონ, რომლებიც თემის განვითარებისთვის მუშაობას მათ ნაცვლად გააგრძელებენ.

ამბობენ, რომ ანაკლიაში აუცილებლად დაბრუნდებიან: „თუ ახალგაზრდები სამუდამოდ დატოვებენ აქაურობას, თემი წინ ვერ წავა. ძალიან მინდა, სოფლის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მიღებული განათლება და გამოცდილება აქაურობას მოვახმაროთ. ჩვენ წავალთ, ვისწავლით და დავბრუნდებით“, - აღნიშნავს სესილი.

წასვლამდე კი წინ მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მოხალისეების მთავარი მიზანი ახლა სოფელში სკვერის მოწყობაა. შერჩეული ტერიტორია უკვე დაასუფთავეს და იმედი აქვთ, რომ ძალიან მალე ანაკლიელებს თავშეყრისა და დასვენების ახალი სივრცე ექნებათ.

ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობა ანაკლიაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.