საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი განცხადება

თარიღი:

საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი განცხადება

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წინამდებარე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, იტალიის, ისრაელის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, შვედეთისა და შვეიცარიის საელჩოები საქართველოში.

მსოფლიოს სჭირდება გენდერული თანასწორობა - დღეს და ყოველდღიურად. ახალი და მიმდინარე კონფლიქტების, კლიმატის კრიზისისა და დემოკრატიული სივრცის შემცირების დროს ჩვენ გლობალურად გენდერული თანასწორობის შემცირების საფრთხის წინაშე ვართ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ წელს ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის თემად შეირჩა „გენდერული თანასწორობა დღეს მდგრადი ხვალინდელი დღისთვის“. ამით ჩვენ გვსურს ქალებისა და გოგოების წვლილის აღიარება მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის და უარყოფითი შედეგების შერბილების საქმეში, ყველასათვის უფრო მდგრადი მომავლის აშენებაში.

ქალები და გოგოები გვევლინებიან ეფექტურ და ძლიერ ლიდერებად, ცვლილებაზე ორიენტირებულ გარემოსდამცველ აქტივისტებად, რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხეში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების ინიციატივებში არიან ჩართულნი. ჩვენ უნდა გავზარდოთ შესაძლებლობები და მოვხსნათ ბარიერები ქალებისა და გოგოებისთვის კლიმატის ცვლილებასთან და მდგრადობასთან დაკავშირებულ პროცესებში გადაწყვეტილების მიღების დონეზე თანასწორად ჩართვისათვის.

გლობალური კლიმატის ცვლილების პარალელურად, მსოფლიო და კაცობრიობა კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კრიზისების გამოწვევის წინაშე დგას. სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში ზრდის რისკებს რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ძალადობის ესკალაციის შედეგად უკვე დაშავდა და დაიღუპა უამრავი სამოქალაქო პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ლტოვილების რაოდენობამ გადააჭარბა 1.7 მილიონს და ქვეყნის მასშტაბით ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. მშვიდობიანი მოსახლება ყოველთვის ყველაზე მეტად ზარალდება.

ჯარისკაცები და სამხედრო მოსამსახურეები - კაცები და ქალები - საკუთარ სიცოცხლეს ფასად იბრძვიან ფრონტის წინა ხაზზე, ამავდროულად ჩვენ ვიცით, რომ ომი და კონფლიქტი განსაკუთრებულად მძიმედ ზემოქმედებს ქალებსა და გოგოებზე. ამიტომაც, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ქალები ჩაერთონ სამშვიდობო და ჰუმანიტარული რეაგირების პროცესებში გადაწყვეტილების მიღების დონეებზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქალებისა და გოგოების განსაკუთრებული საჭიროებების, ჯანმრთელობის, უფლებების და ღირსების დაცვა ახლაც და მომავალშიც.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორები მზად ვართ დავეხმაროთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ქალებს, ბავშვებს, ხანდაზმულებს, უმცირესობების წარმომადგენლებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ლტოლვილებს, და მესამე ქვეყნის მოქალაქებს ამ უდიდესი გაჭირვების ჟამს. სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქალთა უფლებადამცველებთან და მშვიდობისმყოფელებთან პარტნიორობა გადამწყვეტია.

ქალთა ამ საერთაშორისო დღეს, საქართველოში მყოფი საერთაშორისო პარტნიორები, ამ რთულ დროს, ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას ვუცხადებთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ჩვენ ვუერთდებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოწოდებას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ. საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს ახლა. საქართველოს და მსოფლიოს მოსახლეობა ითხოვს ამას. ჩვენ შანსი უნდა მივცეთ მშვიდობას.