სომხეთში სოციალურად დაუცველი ქალებისთვის დასაქმების შესაძლებლობები იზრდება

თარიღი:

გეგარკუნიკი და შირაკი სომხეთის ყველაზე ღარიბი რეგიონებია, ამიტომ აქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ტრენინგის მონაწილეები შირაკის რეგიონის ქალაქ გიუმრიში
ტრენინგის მონაწილეები შირაკის რეგიონის ქალაქ გიუმრიში; ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა სომხეთში

ამ პრიორიტეტის რეალიზებას ემსახურებოდა მასტერკლასები, რომელთა მიმდინარეობისას გეგარკუნიკსა და შირაკში მცხოვრები 21 სოციალურად დაუცველი ქალი ხელსაქმეში - კერვასა და ქსოვაში გადამზადდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სომხეთში გაეროს განვითარების პროგრამამ მათთვის ორი შეხვედრა გამართა. შეხვედრების მიმდინარეობისას ერევნის ბურდას აკადემიის ინსტრუქტორებმა მონაწილეებს სამკერვალო ბიზნესის დაწყებისა და განვითარების, ასევე, მოდის დიზაინის შესახებ ცოდნა გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები, სამომავლო კავშირების დამყარების მიზნით, ცნობილ სომეხ დიზაინერებს - დიანა მალენკოს, მადონა ჰარუთუნიანსა და არტაკ ვარდანიანს შეხვდნენ და მათგან პრაქტიკული რჩევები მიიღეს.

სამდღიანი ტრენინგები გეგარკუნიკის რეგიონის ქალაქ გავარსა და შირაკის რეგიონის ქალაქ გიუმრიში აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა.

ტრენინგის მონაწილეები ქალაქ გიუმრიში პრაქტიკული ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას
ტრენინგის მონაწილეები ქალაქ გიუმრიში პრაქტიკული ჯგუფური სამუშაოს შესრულებისას; ფოტო: გაეროს განვითარების პროგრამა სომხეთში

ქრისტინე ხაჩატურიანი შირაკის რეგიონში ცხოვრობს, მას სამი შვილი ჰყავს და სოციალურად დაუცველია. ის ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც მასტერკლასები გაიარეს. „გამოცდილმა სპეციალისტებმა ქსოვისა და კარვის თანამედროვე მეთოდები, პროცესის თანმიმდევრობა და დროის მართვის ნიუანსები შეგვასწავლეს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს უახლეს მანქანებზე მუშაობის შესაძლებლობაც მოგვეცა. მასტერკლასებში მონაწილეობის შემდეგ ჩემი უნარები კერვაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ვფიქრობ, ეს ცოდნა სამომავლოდ სამსახურის მოძებნასა და სამუშაოს კარგად შესრულებაში დამეხმარება“, - აღნიშნა ქრისტინე ხაჩატურიანმა მასტერკლასების დასრულების შემდეგ.

ერევნის ბურდას აკადემიის წარმომადგენელმა ირინა ჩობანიანმა კი დასძინა, რომ მოხარულია მონაწილეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით. „მჯერა, ეს ხელს შეწუყობს მათი სამეწარმეო უნარების განვითარებას“, - განაცხადა მან.

პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გეგარკუნიკსა და შირაკის რეგიონებში დასაქმების უნარების გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სულ140 ქალი გადამზადდება, 140 ქალი კი გაივლის ტრენინგებს, რომლებიც მათ თვითდასაქმებაში დაეხმარება. 

სომხეთში პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი გაეროს განვითარების პროგრამის სომხეთის ოფისთან და ქვეყნის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.