პროფესიული გადამზადებიდან დასაქმებამდე
თარიღი:
ლელა სეთურმა და მზია ჯაბიშვილმა ერთმანეთი გასული წლის ნოემბერში, პროფესიული გადამზადებისას, კულინარიის კურსებზე გაიცნეს. ორივე მათგანი ახმეტიდან იყო (აღმოსავლეთ საქართველო, კახეთის რეგიონი), რამაც მათ დაახლოებას ხელი კიდევ უფრო შეუწყო.
იმ დროისთვის ლელა ახმეტაში კაფეს გასახსნელად ემზადებოდა და სარემონტო სამუშაოებიც ჰქონდა დაწყებული, თუმცა სურდა, კულინარია თავადაც პროფესიულად შეესწავლა. „ყოველთვის მინდოდა, საკუთარი ბიზნესი და შემოსავლის წყარო მქონოდა, თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო, ჩემს საქმეში განათლებაც მიმეღო. ვფიქრობდი, რომ თუ კულინარიას ვისწავლიდი, კაფე - უფრო წარმატებული, მისი მომსახურება კი მეტად ხარისხიანი გახდებოდა, ამიტომ როცა შანსი მომეცა, ხელიდან არ გავუშვი“, - იხსენებს იგი.
პროფესიული კურსის შესაძლებობის შესახებ ლელამ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისგან შეიტყო. სწორედ მასთან პარტნიორობით ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“, რომლის ერთ-ერთ მიზანს ქალების პროფესიული გადამზადება წარმოადგენს. ლელამ და მზიამ კულინარიის კურსების დაფინანსება ამ პროექტის ფარგლებში მიიღეს.
კურსის მიმდინარეობისას ქალებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა შეიძინეს. გაეცნენ როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ სამზარეულოს სტრუქტურას, ჰიგიენურ ნორმებს, კვების ობიექტების სახეებს, საკვები პროდუქტების მიღების, დამუშავებისა თუ შენახვის მეთოდებს და, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი კერძების რეცეპტებს.
„პრაქტიკული მეცადინეობები ძალიან საინტერესო იყო. კარგად შევისწავლე სხვადასხვა სალათისა და ცომეულის მომზადება, განსაკუთრებით კარგად გემრიელი ხაჭაპურებისა და მაფინების ცხობა გამომდიოდა”, - იხსენებს მზია, რომელიც დღეს უკვე საკუთარ კულინარიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებს. სწავლის დასრულების შემდეგ ლელამ მას კაფეში დასაქმება შესთავაზა. „ამ კურსის გავლა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოლოდინი, რომ საკუთარი შემოსავალი გვექნებოდა, გამართლდა“ ,- ამბობს ის.
მზიას გარდა, ლელას კაფეში კიდევ ორი ქალი მუშაობს. როგორც თავად ამბობს, კურსის დროს მიღებულ ცოდნას მათაც სიამოვნებით უზიარებს და აპირებს, დასაქმებული ქალების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალების, განსაკუთრებით კი ღარიბი და სოციალურად გარიყული ქალების, ეკონომიკური გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდაა. პროექტის მონაწილეები ტრენინგებს გადიან, პროფესიულ უნარებსა და ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს იძენენ, რაც მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში ეხმარება. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორები კახეთის განვითარების რეგიონული ცენტრი, ფონდი „ტასო“ და ქეა საერთაშორისო კავკასიაში არიან.