საქართველოში ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები განისაზღვრა
თარიღი:
ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალები დამსაქმებელმა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანო ან განსაკუთრებული რისკების შემცველ სამუშაოზე არ უნდა დაასაქმოს.
შესაბამისი კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მთავრობამ 2018 წელს მიიღო, თუმცა აღნიშნული პუნქტის სრულად და ეფექტიანად გამოყენება რისკების შემცველი სამუშაოების განსაზღვრას საჭიროებდა.
ამ ამოცანის შესასრულებლად, გასულ წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მავნე და რისკის შემცველი სამუშაოების განსაზღვრაზე პასუხისმგებელ უწყებასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა დაიწყო. პროცესში ჩართული იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ჟენევის ოფისის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი იუკა უჯიტა, განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების განსაზღვრაზე კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტები და პროფესიული დაავადებების სპეციალისტები - ექიმი ნანა ხატიაშვილი და ჰიგიენისტი მანანა ჟურული მუშაობდნენ.
2018 წლის სამუშაო ძალის კვლევის და 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 233 840 რეპროდუქციული ასაკის ქალია სახელფასო შრომაში დასაქმებული. მიმდინარე წლის 14 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, ნათლად განისაზღვრა დამსაქმებლების ვალდებულება, თუ რა სახის საქმიანობებს უნდა აარიდონ ქალები ორსულობის ან ბავშვის გაჩენის შემთხვევაში. ეს საქმიანობები დაკავშირებულია ფიზიკურ და შრომით დატვირთვასთან, ქიმიურ და ბიოლოგიურ აგენტებთან, ფიზიკურ ფაქტორებთან, ფსიქოსოციალური და პროფესიული სტრესის გამომწვევ ფაქტორებთან.
ამ დრომდე არსებული რეგულაციები საქართველოში მხოლოდ პროფესიების ჩამონათვალს ეყრდნობოდა, თუმცა მძიმე და რისკის შემცველი საქმიანობა თუ სამუშაო გარემო ნებისმიერ სექტორსა და პროფესიაში შეიძლება წარმოიქმნას. ევროდირექტივისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ზიანის შემცირების წინაპირობა არა პროფესიების, არამედ სწორედ მძიმე და რისკის შემცველი სამუშაო ფაქტორების განსაზღვრაა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს და ბრძანების აღსრულების მონიტორინგის მიმართულებით შრომის ინსპექტორებს გადაამზადებს. აღნიშნული თანამშრომლობა კვლავაც პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაგრძელდება, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.