გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თბილისის საკრებულოსა და მერიაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დამტკიცდა
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაცია საჯარო უწყებებთან სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის დანერგვის შესახებ თანამშრომლობასა და მათ მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამ მხარდაჭერის შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმი დამტკიცდა.
დოკუმენტი მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამშრომლებისა თუ პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სექსუალურ შევიწროებას კრძალავს და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის სანქციებს ითვალისწინებს. ამას გარდა, ის ხელს უწყობს სექსუალური შევიწროებისა და მისი დაუშვებლობის შესახებ თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების ინფორმირებულობას, შესაბამის ფაქტებზე ეფექტიან, დროულ რეაგირებას, სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი, არადისკრიმინაციული გარემოსა და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებას.
როგორც თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, აღნიშნა, საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოსთვის, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სამართლის სისტემას კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს: „თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დამტკიცების მიზანია, ხელი შეუწყოს პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვასა და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებას. ჩვენ გვქონდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები და ყოველი მათგანი გავითვალისწინეთ, რადგან ჩვენი მიზანია, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მონაცემებით, სექსუალური შევიწროება საქართველოს საჯარო სექტორში გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია, ამიტომ სათანადო დოკუმენტის ეფექტიანი გამოყენება ხელს უწყობს უწყებებში სექსუალური შევიწროების შემთხვევების პრევენციასა და მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულო პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა, რომელმაც სექსუალური შევიწროებისა და მასზე რეაგირების მექანიზმი დანერგა. მექანიზმი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 19 საჯარო უწყებაში უკვე მოქმედებს, რამდენიმეში კი მექანიზმზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.
თბილისის საკრებულოსა და მერიაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის დანერგვა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ და „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ (დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ) ფარგლებში. „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს, „ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში“ კი - შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით.