სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები და პროგრესი კონფერენციაზე შეჯამდა
თარიღი:
სექსუალური შევიწროება გლობალური პრობლემაა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც გენდერული უთანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები საზოგადოებაში კვლავაც ფართოდ გავრცელებულია. საქართველოს მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეროვნული კანონმდებლობის მიღებამ და შემდგომში საჯარო და კერძო სექტორებში პრევენციის მექანიზმების დანერგვამ ქვეყანაში მათი აღსრულების შეფასების შესაძლებლობა შექმნა.
სწორედ სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვა წარმოადგენდა კონფერენციის მთავარ თემას, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 29 ნოემბერს ჩატარდა.
კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ გაიმართა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დამცველებმა სექსუალური შევიწროების პრევენციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატსა და დისკრიმინაციის ფორმად სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრის სიკეთეებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო გარანტიებისა თუ შიდა მექანიზმების შემუშავების დადებითი დინამიკის მიუხედავად, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. არის შემთხვევები, როცა დისკრიმინაციის მსხვერპლები, მტკიცებულებების შეგროვების პრობლემებისა და საზოგადოებრივი წნეხის გამო, უარს ამბობენ უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება.
კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სესიები, რომლებსაც სხვადასხვა საჯარო და არასაჯარო ორგანიზაციის ექსპერტები უძღვებოდნენ. მონაწილეებმა სამუშაო ადგილსა და უმაღლეს სასწავლებლებში სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის, საჭიროებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრეს.
კონფერენციამ ხელი შეუწყო სექსუალური შევიწროების პრევენციის წარმატებული მაგალითების შესახებ ერთიან დიალოგს და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიება პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილი იყო, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.