საქართველოს უსაფრთხოების სექტორი სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირებას ამკაცრებს
თარიღი:
საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებასა და დახვეწაზე მუშაობენ. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციაც, რომელიც პარტნიორ უწყებებს ექსპერტულ მხარდაჭერას უწევს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 29 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 1 დეკემბერს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესების შესახებ სამუშაო შეხვედრები გამართეს. უწყებების თანამშრომლებმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებზე მსხვერპლზე/დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომის გათვალისწინებით იმუშავეს.
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ჩატარებული შეხვედრა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა გახსნა. მან უსაფრთხოების სექტორში სექსუალურ შევიწროებასა და გენდერულ დისკრიმინაციაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების თვალსაზრისით დიდი ბრიტანეთის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერა, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და შესაბამისი მექანიზმების დახვეწა პრიორიტეტული საკითხებია: „მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღევანდელი სამუშაო შეხვედრა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება. ტრენინგის შედეგებს და აქ მიღებულ გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება სამინისტროში სექსუალური შევიწროების მექანიზმების დახვეწისა და შემდგომში მათი ინტეგრირების მიმართულებით“,- დასძინა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართული შეხვედრა კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გახსნეს. მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების გაძლიერებასა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, როგორც არადისკრიმინაციული, ღირსეული გარემოს შექმნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამგვარი მექანიზმის დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯი იქნება უწყებაში თანამშრომელთა უფლებების ეფექტიანი დაცვისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისთვის. „მექანიზმი იმ პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც სამინისტრო გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებით ახორციელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, ძალადობის ნებისმიერ ფორმას ვებრძოლოთ და ამ მიმართულებით ძალისხმევა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
სამუშაო შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.