საქართველოს უსაფრთხოების სექტორში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მუშაობა აქტიურდება

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივი ექსპერტი და ტრენერი გოგა ხატიაშვილი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებს წარადგენს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივი ექსპერტი და ტრენერი გოგა ხატიაშვილი სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმებს წარადგენს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოს საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროება გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, სხვადასხვა უწყებაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს და ამ კუთხით გარკვეული შედეგებიც მიღწეულია: 11 საჯარო უწყებაში უწყებაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები უკვე ფუნქციონირებს.

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო უსაფრთხოების სექტორმაც. 11-12 ივნისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობით, ამ უწყებების თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ პირველი ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგი სექსუალური შევიწროების საწინააღმდეგო მექანიზმების შესახებ აღნიშნული უწყებების წარმომადგენლების შესაძლებლობის გაძლიერებასა და რეაგირების მიმართულებით პრიორიტეტული ნაბიჯების განსაზღვრას ისახავდა მიზნად. ორი დღის განმავლობაში ტრენინგის 15-მა მონაწილემ სექსუალური შევიწროების, გავრცელების მასშტაბისა და ფორმების, შესაბამისი კანონმდებლობისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმების შესახებ სიღრმისეული ცოდნა შეიძენა. აღსანიშნავია, რომ მათ საკუთარ უწყებებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის დასრულების ბოლოს მონაწილე უწყებების წარმომადგენლებმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ის მოდელები შეიმუშავეს, რომლებიც მათ ინსტიტუციებზე იყო მორგებული და სათანადოდ ასახავდა ყველა იმ პრინციპსა თუ კომპონენტს, რაზეც ტრენერებმა გაამახვილეს ყურადღება. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ უწყებებთან თანამშრომლობა, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების დანერგვისა და თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომავალშიც გაგრძელდება“ ,- აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ადგილობრივმა ექსპერტმა და ტრენერმა, გოგა ხატიაშვილმა.

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.