ბიზნესი აძლიერებს ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს
თარიღი:
14-წლიანი პაუზის შემდეგ 5 თვის წინ ლიკა სამსახურში პირველად წავიდა. ლიკა 37 წლისაა და თბილისში ცხოვრობს. როცა 2 წლის წინ მოძალადე ქმარს გაშორდა, მძიმე, სტრესულ მდგომარეობაში იყო.
ადგილობრივი კვლევის თანახმად, საქართველოში ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. 2017 წელს ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით ქვეყანაში 3000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
განქორწინების შემდეგ ლიკა გოგუაძემ დასახმარებლად ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს მიმართა. კონსულტაციებზე ფსიქოლოგმა სრული რეაბილიტაციისთვის სამსახურის დაწყება ურჩია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორს, საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობ ასოციაცია „ამაგდარს“ დააკავშირა: ორგანიზაციას, რომელიც ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს, სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციაში ეხმარება.
„ამაგდარში“ ლიკამ ჯერ უცხო ენების კურსები გაიარა, პარალელურად, სამსახურს ეძებდა. ერთ დღესაც კომპანია „აჭარა ჯგუფიდან“ დაურეკეს, გასაუბრებაზე დაიბარეს და აიყვანეს კიდეც.
ლიკა ამბობს, რომ სამსახურმა ცხოვრების ხალისი დაუბრუნა და სტრესული მდგომარეობიდან გამოიყვანა: „ქორწინების შემდეგ სამსახური არ მქონია, მუშაობას ქმარი მიკრძალავდა, ამიტომ თავიდან დრო დამჭირდა, რომ რეჟიმს შევგუებოდი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დაგხვდებიან, მე ისეთი კარგი გარემო შემიქმნეს, ისე თბილად მიმიღეს, რომ მალევე მოვშინაურდი. ჩემნაირი ქალები სამსახურის გარეშე შეიძლება უფრო დიდ სტრესში აღმოჩნდნენ. ზუსტად ვიცი, მე ძალიან გამიჭირდებოდა“, - ამბობს ლიკა.
ლიკას დამსაქმებელი კომპანია „აჭარა ჯგუფი“ საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის მსხვილი და სწრაფად განვითარებადი კომპანიაა. მის მფლობელობაში 3 სასტუმრო და 1 ჰოსტელია. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობას გადარჩენილი ქალების დასაქმება „აჭარა ჯგუფმა“ მიმდინარე წელს დაიწყო. ამ აქტივობაზე მუშაობა კომპანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის - ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. „აჭარა ჯგუფის“ ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს სიდას მხარდაჭერით 2016 წელს შეიქმნა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად. იგი ოჯახში ძალადობას გადარჩენილი ქალების მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ძალისხმევასაც აერთიანებს. ერთ-ერთი მათგანი მათი დასაქმებაა.
„როცა გეგმის განხორციელება დავიწყეთ, ძალიან მოტივირებულები ვიყავით, რომ მხარი დაგვეჭირა ქალებისთვის, რომლებმაც ეს სერიოზული ნაბიჯი გადადგეს და ოჯახში ძალადობა დაძლიეს. „ამაგდარის“ დახმარებით მოვიძიეთ ბენეფიციარები და ინიციატივის პირველ ეტაპზე სამი მათგანი შევარჩიეთ. ვუთხარით, რომ თითოეული მათგანი ძალიან გვჭირდება, რათა ჩვენთან მუშაობით არა მარტო თავად გაძლიერდნენ, არამედ საკუთარი მაგალითით ის სხვა ქალებიც გააძლიერონ, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ“, - ამბობს „აჭარა ჯგუფის“ დირექტორი ვალერი ჩეხერია, რომელიც ამავდროულად გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენელია.
ლიკას მსგავსად, იმ ქალების სრულფასოვანი დამოუკიდებლობისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობის ჯაჭვი გაარღვიეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს, შრომის ბაზრისთვის შესაბამის პროფესიულ უნარებსა და დასაქმებას დიდი მნიშვნელობა აქვს. განათლებისა და სამსახურის გარეშე ისინი ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და რეალური ცვლილებებისკენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებენ, ამიტომ ზოგიერთი მათგანი მოძალადესთანაც კი ბრუნდება. საქართველოში ქალების 7,6% მოძალადესთან იმიტომ ცხოვრობს, რომ ბავშვებს დამოუკიდებლად ვერ არჩენს. ქალების 4,4% კი წამოსვლის შემდეგ კვლავ მოძალადესთან დაბრუნდა, რადგან ბავშვებს ვერ არჩენდა. ასეთ ვითარებაში ბიზნესის ჩართულობას და ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ვალერი ჩეხერია იმ ბენეფიტზეც საუბრობს, რაც ინიციატივამ მის კომპანიას მოუტანა: „ამ საპილოტე პროგრამამ ძალიან გაამართლა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ მთელი გუნდი ბევრად უფრო სოციალურად პასუხისმგებლიანი გახდა. ჩვენ 2000-მდე თანამშრომელი გვყავს. მათგან ნაწილს შეიძლება ამ თემაზე ნაფიქრიც არ ჰქონდა, ზოგი კი ახლა უფრო მეტად დაფიქრდა. საბოლოო ჯამში, გენდერული მგრძნობელობა ძალიან ამაღლდა. ამავდროულად, როცა მენეჯმენტს ოჯახში ძალადობას გადარჩენილ ქალთა გაძლიერება და მხარდაჭერა ღიად და მკაფიოდ აქვს გაცხადებული, კომპანიაში დასაქმებული ქალებისთვის, რომლებიც ჩვენი თანამშრომლების 43%-ს შეადგენენ, ეს ერთგვარი დაცულობის შეგრძნებაა: მათ გარანტირებულად იციან, რომ კომპანია მხარს დაუჭერს და გვერდში დაუდგება“, - ამბობს ვალერი ჩეხერია.
„ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში კერძო სექტორს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზაციის მეშვეობით, დავინახეთ, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორს ქალების, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ხელშეწყობა“, - აღნიშნავს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.
აჭარა ჯგუფის დასაქმების ინიციატივა პირველი ნაბიჯია, რომელიც კომპანიამ ოჯახში ძალადობის მიმართ დამოკიდებულებების შეცვლისა და ქალთა გაძლიერების მიზნით გადადგა. სამომავლოდ იგი იმ ქალებისთვის, ვინც ოჯახში ძალადობა დაძლია, კარიერული ზრდის ტრენინგების ჩატარებასა და პროფესიულ გადამზადებასაც აპირებს. პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონებში ახალგაზრდებს შორის ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასაც გეგმავს.