ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღე გაიმართა

თარიღი:

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია-ელენე რუსეცკაია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების  ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მაია-ელენე რუსეცკაია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების მნიშვნელობაზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისსა და გაეროს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ტრადიციულ ღია კარის დღეს უმასპინძლა.

წლევანდელი ღონისძიება გაეროს სისტემის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის მხარდაჭერას, ასევე, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ემსახურებოდა. მას ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

შეხვედრა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელმა, აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ გახსნეს.

„მსურს, გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენი აქტიური მუშაობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის უცვლელი მხარდაჭერის მიმართ. გიდასტურებთ როგორც ჩემს, ისე თანათავმჯდომარეების მზაობას, ერთობლივად გავაგრძელოთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება“, - განაცხადა მისასალამებელ სიტყვაში აიშე ჯიჰან სულთანოღლუმ.

ღია კარის დღის მნიშვნელოვანი ნაწილი დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაუდებელი და მწვავე გამოწვევების შესახებ მსჯელობას დაეთმო. სათემო ლიდერმა ქალებმა ყურადღება ისეთ პრობლემებზე გაამახვილეს, როგორებიცაა დევნილთა დასახლების ცენტრებში ამორტიზებული, ნგრევადი შენობის დემონტაჟი, საკანალიზაციო-სადრენაჟე სისტემის გაუმართაობა, მოუწესრიგებელი გზები, პირველადი ჯანდაცვისა და სხვა სერვისებზე ხელმიუწვდომლობა და სხვა. გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებმა კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა იმ საკითხებზეც ისაუბრეს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ქალთა ფონდ „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, ეკატერინე გამახარიამ თემში ქალების გაძლიერების მნიშვნელობასა და მათი აქტიურობისთვის შესაბამისი პირობების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ქალთა დასაქმებისთვის საჭირო სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების როლს, ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაღების გახსნისა და სასკოლო საათების დასაქმებული ქალების სამუშაო დროზე მორგების შესახებ. დამატებით, მან ყურადღება გაამახვილა ქალების სტრუქტურულ და ეფექტიან მონაწილეობაზე მოლაპარაკებებში, მაგალითად, ისეთი ფორმით, როგორიცაა მრჩეველ ქალთა საბჭოები მსოფლიოს სხვადასხვა სამშვიდობო პროცესში.

შეხვედრის ბოლოს გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, არსებული პრობლემები შესაბამის სახელმწიფო უწყებებამდე მიიტანონ და დასახელებული საჭიროებები საკუთარ პროგრამებსა და პროექტებში გაითვალისწინონ.

ღია კარის დღე გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დაფინანსებულია გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ.