ბიზნესი თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოსთვის - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კონფერენცია გამართა
თარიღი:
თანასწორობა და მრავალფეროვნება ღირსეული სამუშაო გარემოს აუცილებელი წინაპირობაა და მის შექმნაში ბიზნესს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სწორედ ამ თემას მიეძღვნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ თბილისში უკვე მეხუთედ ჩატარდა.
ღონისძიებას გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების, ბიზნესგაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ორგანიზაციული განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის, გენდერისა და ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალისტები დაესწრნენ.
„ახლა ბიზნესს განსხვავებული გუნდების გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. ამას ადასტურებს ფინანსური მაჩვენებლებიც. მაგალითად, Fortune 500-ის ანგარიშები აჩვენებს, იმ კომპანიების შედეგები, რომლებშიც აღმასრულებელ პოზიციებზე ქალები არიან, 22%-ი უფრო მაღალია. გარემო ძალიან მრავალფეროვანია, შესაბამისად, სამუშაო ძალა და კულტურაც მრავალფეროვანი უნდა იყოს“, - აღნიშნა კონფერენციის ერთ-ერთმა მომხსენებლმა, საკონსულტაციო და რეკრუტინგული კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ.
ღონისძიების მონაწილეებმა პანელური დიკუსიების მსვლელობისას სამუშაო ადგილზე თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის როლზე იმსჯელეს, განიხილეს წვლილი, რომლის შეტანაც კერძო კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიებს თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობაში შეუძლია, გაუზიარეს ერთმანეთს ამ სტრატეგიების ფორმირების საკუთარი თუ საერთაშორისო გამოცდილება და ა.შ.
„წლების წინ კერძო სექტორს ადამიანის უფლებებთან გაუცხოება ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ინკლუზიურობა და განსხვავებულობა თავსმოხვეული ვალდებულებები იყო, მაგრამ ეს მიდგომა ნელ-ნელა იცვლება. ბიზნესი თავად ხედავს, თუ რამდენად განსხვავებული ადამიანები მუშაობენ ამ სფეროში და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის დასაქმებულების კეთილდღეობა. შესაბამისად, თუ კერძო სექტორში ადამიანების უფლებები დაცული იქნება, ხელი შეეწყობა მრავალფეროვნებას, ბიზნესიც უკეთ იმუშავებს და დასაქმებულებიც უკეთ იგრძნობენ თავს“, - აღნიშნა ერთ-ერთი დისკუსიის მონაწილემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა არგანაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს ტრადიციულად ახალი კომპანიებიც შეურთდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მათი რიცხვი უკვე 170-მდეა გაზრდილი, რაც კერძო სექტორის არსებული მასშტაბის გათვალისწინებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.