აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მეწარმე ქალები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ

თარიღი:

რეგიონული კონფერენციის მონაწილე მეწარმე ქალები მარკეტინგის ონლაინსესიას ესწრებიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
რეგიონული კონფერენციის მონაწილე მეწარმე ქალები მარკეტინგის ონლაინსესიას ესწრებიან. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ქეა კავკასიასა და სხვა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მუდმივად ხელს უწყობს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ მეწარმე ქალებს შორის სასარგებლო ინფორმაციის, პრაქტიკისა და შესაძლებლობების გაზიარებას. ერთგვარ ტრადიციადაა ქცეული რეგიონული ონლაინშეხვედრები, რომლებიც პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, 2020 წლიდან რეგულარულად იმართება. ეს ონლაინსესიები სამ ქვეყანაში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის საკუთარი საქმიანობების წარმოჩენის, მოტივაციის გაძლიერებისა და ახალი ცოდნის მიღების ეფექტიან პლატფორმას წარმოადგენს.

ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და მან 6-13 დეკემბერს აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან 235 მონაწილე გააერთიანა. სულ ინიციატივის ფარგლებში 4 ონლაინსესია ჩატარდა, რომლებიც მარკეიტნგისა და ბრენდინგს, სურსათის უვნებლობასა და რეგულაციებს მიეძღვნა.

თითოეულ სესიას ფასილიტაცია დარგის ექსპერტებმა გაუწიეს. მათ ყურადღება მარკეტინგისა და ბრენდინგის როლზე, გაყიდვებში არსებულ გამოწვევებზე, სოციალური მედიის გამოყენებაზე, რეკლამირებასა და ა.შ. გაამახვილეს. სურსათის უვნებლობისა და რეგულაციების სესიებზე კი მნიშვნელოვანი აქცენტი საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სწორად შესრულებაზე გაკეთდა. მეწარმე ქალების განსაკუთრებულ ინტერესს ორგანული მეურნეობა და მისი უპირატესობები წარმოადგენდა, ამიტომ სესიის ერთი ნაწილი ამ თემასაც დაეთმო.

"რეგიონულ შეხვედრაზე საშუალება მომეცა, მონაწილეებისთვის ჩემი პროდუქცია - ტენილი ყველი წარმედგინა და მისი მომზადების ტექნიკები გამეზიარებინა. ძალიან მომეწონა რჩევები, რომლებიც სურსათის უვნებლობასა და რძის უსაფრთხოდ გამოყენებას ეხებოდა. მათ აუცილებლად გამოვიყენებ და სამომავლოდ პრაქტიკაშიც დავნერგავ“, - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ინგა მაღრაძემ, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაქალაქევში ცხოვრობს და ყველს აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ ონლაინსესიებში მონაწილე მეწარმე ქალებმა იმ ბარიერებზეც ისაუბრეს, რომელთა გადალახვაც საქმიანობის დაწყებისა თუ განვითარების პროცესში თავად მოუხდათ, მათ ყურადღება პრობლემების გადაჭრის გზებსა და წარმატების ხელშემწყობ ფაქტორებზეც გაამახვილეს.

ონლაინსესიები აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ მეწარმე ქალებს შორის გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია, რომელიც კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, „ფონდი ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.