გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტზე საჯარო უწყებების შესაძლებლობები ძლიერდება

თარიღი:

მონაწილეები გენდერული ზეგავლენის შეფასების ეტაპებს განიხილავენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მონაწილეები გენდერული ზეგავლენის შეფასების ეტაპებს განიხილავენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში საერთაშორისო ინსტრუმენტის, გენდერული ზეგავლენის შეფასების (GIA) მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება 7 ოქტომბერს მოხდა, 19 ოქტომბერს კი იგი საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე მიიღო.

რეფორმა ქვეყანაში კარგი მმართველობის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მის მხარდასაჭერად და ადგილობრივი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, 17-19 ოქტომბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის GIA-ს მეთოდოლოგიაზე ტრენინგი ჩატარდა. 3-დღიანი ტრენინგის მიმდინარეობისას ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში დასაქმებულმა 24-მა წარმომადგენელმა გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის, მისი ჩატარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებისა და სტანდარტების შესახებ ცოდნა და უნარები შეიძინა.

„კარგი მმართველობისა და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავებისთვის, საჯარო მოხელეებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის GIA ძალზედ ღირებული ინსტრუმენტია. GIA-ს ინსტიტუციონალიზაციის პროცესში გენდერული თანასწორობის საბჭოს მაკოორდინირებელი როლი აკისრია, ამიტომ მისი თითოეული საფეხურის საფუძვლიანად შესწავლა და გააზრება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ტრენინგი ზუსტად შეესაბამება საჯარო სექტორის თანამშრომლების, კერძოდ კი პარლამენტში დასაქმებული პირების კრიტიკულ საჭიროებებს“, - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანმა, ანა მაგრაქველიძემ.

ტრენინგი ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) და „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ (WEESC) ფარგლებში, რომლებიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერაა მხარდაჭერილი.