ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის დიალოგი გრძელდება

თარიღი:

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ხსნის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ხსნის. ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აგრძელებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებს, ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, რისთვისაც რეგულარულ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

ამგვარი საინფორმაციო შეხვედრა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, 14 სექტემბერს, ქალაქ გორში გამართა.

შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა და ხაზი გაუსვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას, რაც შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მან ყურადღება გაამახვილა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეებს გასული წლის შეხვედრაზე წამოყენებული პრობლემური საკითხების მოგვარების კუთხით მიღწეული პროგრესიც გააცნო.

შეხვედრაზე ვრცლად განიხილეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, ჰუმანიტარული და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებული გამოწვევები, პანდემიის დროს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებები. მონაწილე ქალებმა ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებისგან შესაბამისი რეაგირება მოიხოვეს.

ლია მიქელაძემ, რომელიც სოფელ კოშკაში ცხოვრობს, სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებასა და ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა ადრეული გაფრთხილებისა და სამოქალაქო თავდაცვის ძირითად პრინციპებზე მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების საჭიროებასაც: „დღემდე მწვავედ დგას ადამიანური უსაფრთხოების საკითხი, ასევე ხშირია ხანძრები. ვფიქრობ, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმოქმედონ კრიზისულ სიტუაციებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების რა ზომებს მიმართონ. აუცილებელია მათი განათლება ადრეული გაფრთხილებისა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებზე“, - განაცხადა მან.

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.