გაეროს ქალთა ორგანიზაცია თავდაცვის სფეროში მომავალი ლიდერი ქალების გაძლიერებისთვის

თარიღი:

შეხვედრა თავდაცვის სფეროში მომავალი ლიდერი ქალების გაძლიერების შესახებ. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
შეხვედრა თავდაცვის სფეროში მომავალი ლიდერი ქალების გაძლიერების შესახებ. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სფეროში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება დღითიდღე აქტუალური ხდება. ამავდროულად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სამხედრო ოპერაციებსა და კონფლიქტების დროს სამოქალაქო პირების დაცვაზე გენდერული ფაქტორის გავლენაც. შეიარაღებულ ძალებსა თუ თავდაცვის სხვა უწყებებში გენდერული თანასწორობის დანერგვა კი როგორც გლობალურად, ისე საქართველოში ინსტიტუციური კულტურის ცვლილებებს, ინოვაციურ და ტრანსფორმაციულ აქტივობებს მოითხოვს.

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთ მთავარ როლს თავდაცვის სამინისტრო ასრულებს. ქალთა გაძლიერების კუთხით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, უწყებაში ორგანიზაციული გარემოს შეფასებამ (2019) და თანამონაწილეობითმა გენდერულმა აუდიტმა (2021) აჩვენა, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებში ქალების წარმომადგენლობა დაბალი რჩება, ასევე, გამოავლინა ის ბარიერებიც, რომლებიც სრული და თანაბარი კარიერული შესაძლებლობების კუთხით ქალებისთვის არსებობს.

აღნიშნული მიგნებების საფუძველზე, ქვეყნის თავდაცვის სფეროში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის, თავდაცვის სამინისტრომ, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის (DCAF) მხარდაჭერით, ახალი პროგრამა „ქალები თავდაცვაში - მომავალი ლიდერი ქალების კადრების შესაძლებლობების გაძლიერება“ შეიმუშავა. საგულისხმოა, რომ მისი განხორციელებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და 7-8 ივნისს თავდაცვის სფეროს მაღალი რანგის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრაში თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს 30 წარმომადგენელი მონაწილეობდა. იგი მიზნად საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის ქალების მონაწილეობისა და ლიდერობის მნიშვნელობის გააზრებას, ასევე, მათი კარიერული განვითარებისთვის საჭირო კონკრეტული მოქმედებების განსაზღვრას ისახავდა. აღსანიშნავია, რომ სემინარის მონაწილეებს თავდაცვის სფეროში გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ ცოდნა და საუკეთესო გამოცდილება ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებმა გაუზიარეს.

„ახლა საქართველოს ეროვნულ გვარდიაში ქალები 8%-ს შეადგენენ. ორი წლის წინ კი ისინი ამ შემადგენლობაში საერთოდ არ იყვნენ. საგულისხმოა, რომ ტენდენცია მზარდია, ქალები სულ უფრო მეტ ინტერესს გამოთქვამენ და ნაკლებად ისმის მოსაზრება, რომ მათი ადგილი ჯარში არ არის“, - აღნიშნა დისკუსიისას ბრიგადის გენერალმა, რომან ჯოხაძემ. დისკუსიის შემდეგ კი მონაწილეებმა ქალთა თანასწორობისა და ლიდერობის მხარდამჭერი კონკრეტული გეგმები და ქმედებები დასახეს.

სამუშაო შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.