სახალხო დამცველის აპარატი გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობას აფასებს
თარიღი:
ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში ძირითად მაკოორდინირებელ როლს ასრულებს. ამავდროულად, ისინი მთავრობებს პოლიტიკის ყველა მიმართულებაში გენდერული თანასწორობის პერსპექტივის გათვალისწინებაშიც ეხმარება. საგულისხმოა, რომ ეს საკითხი ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციის მიერ, 1995 წლის სექტემბერში დამტკიცებული პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 12 კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროდან ერთ-ერთს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება საქართველოში პირველად ჩაატარა და 15 აპრილს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, განვითარების პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების 40-ზე მეტ წარმომადგენელს სპეციალური ანგარიში „გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიანობის შეფასება საქართველოში“ წარუდგინა.
ანგარიშში ეფექტიანი და ძლიერი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის მიმართულებით საქართველოს პროგრესი საერთაშორისო ინდიკატორების მიხედვითაა შეფასებული. როგორც მისი ძირითადი მიგნებები ცხადყოფს, ქვეყანამ მექანიზმების დანერგვისა და ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, კვლავაც რჩება გამოწვევები, რომლებსაც გადაწყვეტილებების კომპლექსურობა და ფართო მანდატი, თანამშრომელთა ლიმიტირებული რაოდენობა, არასაკმარისი მონაცემები და ფინანსური რესურსები განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ ანგარიში მთავრობას გენდერული თანასწორობის საკითხების ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებისთვის საჭირო რეკომენდაციებსაც სთავაზობს.
„ვიმედოვნებთ, ამ ანგარიშში მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, განსაზღვროს და აღმოფხვრას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერების კუთხით არსებული ხარვეზები და გამოწვევები“, - განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ.
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების შეფასება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.