ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგით საქართველოში სულ უფრო მეტი უწყება ინტერესდება

თარიღი:

საქართველოს უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების ტრენინგი გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა.
საქართველოს უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლების ტრენინგი გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების შესახებ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

გლობალური მოვლენები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის აქტუალობას მნიშვნელოვნად ზრდის და მკაფიოდ ადასტურებს, რომ მისი პრაქტიკაში განხორციელება როგორც კონფლიქტების პრევენციის, ისე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა.

არსებული გამოწვევების შესაბამისად, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებას აფართოებს და იმ უწყებების მხარდაჭერას აძლიერებს, რომლებიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებისთვის პირველ ნაბიჯებს ამჟამად დგამენ.

აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების 2-დღიანი ტრენინგი, რომლის მიმდინარეობისას 17 მონაწილე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემატიკის შესახებ სიღრმისეულ ინფორმაციას პირველად გაეცნო. ტრენინგი უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა და მისი მიმდინარეობისას სხვა საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების მიმართულებით გენდერული ანალიზის ინსტრუმენტებზე, სქესის ნიშნით დაყოფილი მონაცემების შეგროვებასა და გამოყენებაზე, ბარიერებზე, რომლებსაც ამ სფეროში მოღვაწე ქალები კარიერაში აწყდებიან და საუკეთესო გამოცდილებაზე ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების გასაძლიერებლად.

„ძალიან საინტერესო იყო საერთაშორისო რეზოლუციებისა და კონვენციების, ასევე, ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების დეტალური განხილვა. მე და ჩემს კოლეგებს გაგვიჩნდა ინტერესი, რომ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ჩვენს უწყებაშიც დავნერგოთ. ტრენინგის შემდეგ ამ კუთხით მუშაობას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა და ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, თინათინ სამხარაძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ახალ პარტნიორებთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი დანერგვისთვის სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს. იმ უწყებების თანამშრომლებს, რომლებიც გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით პირველ ნაბიჯებს დგამენ, სასწავლო-გაცნობითი ტრენინგები უტარდებათ, ხოლო ისინი, ვინც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თემებზე უკვე წლებია მუშაობენ, მეტი პროგრესის მიღწევისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის ცენტრის ექსპერტთა მხარდაჭერას იღებენ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის შემდეგ თანამშრომლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატთან, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთანაც გაგრძელდება.

უსაფრთხოების სექტორის მართვის ჟენევის ცენტრთან თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ნაწილია. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.