ჩემი გადმოსახედიდან: „შრომითი უფლებები უკვე აქტუალური პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვისა და ქალებისთვის“

შრომითი უფლებების დამცველი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი 17 წელზე მეტია შრომით უფლებებზე მუშაობს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პროგრესში, რომელსაც საქართველომ ამ თემის ირგვლივ მიაღწია. 41 წლის რაისამ, სხვა ქალებთან ერთად, საქართველოდან პროექტში „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მიიღო მონაწილეობა.

თარიღი:

Რაისა ლიპარტელიანი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
Რაისა ლიპარტელიანი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

„ღირსეული, თანასწორი და უსაფრთხო სამუშაო გარემო ბიზნესის მომგებიანობასა და ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს, რაც საქართველოს მსგავსი ღარიბი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ღირსეული შრომა ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს, ამ კუთხით გარკვეული პროგრესი მაინც არსებობს.

17 წელზე მეტია, ამ თემის ირგვლივ ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში შრომითი უფლებების კანონმდებლობა გაუმჯობესდა. შეიქმნა აღსრულების ორგანო - შრომის ინსპექცია, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს. ამჟამად შრომითი უფლებები უკვე აქტუალური პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვისა და ქალებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანი წინსვლაა.

ჩემი საქმიანობის განსაკუთრებული მიმართულება ქალთა შრომითი უფლებებია - მათი სამართლებრივი მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება, კანონმდებლობისა და სტანდარტების დახვეწა, საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება და გლობალურ დონეზე ადვოკატირება. ბოლო წლებში ვმონაწილეობდი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციის შემუშავებაშიც, რომელიც აქცენტს სწორედ გენდერულ თანასწორობაზე აკეთებს.

ვფიქრობ, ნებისმიერი ქალის პროტესტი და ინდივიდუალური ბრძოლა შრომითი უფლებების დასაცავად ქმნის მისაბაძ მაგალითსა და მოტივაციას სხვა ქალებისთვის. შესაძლებლობას, რომ პოზიტიური ცვლილებები არა მარტო ყოველდღიურ შრომით საქმიანობაში, არამედ საკანონმდებლო დონეზეც განხორციელდეს“.


მიზანი 8: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

ინიციატივა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ქალთა წვლილის პოპულარიზაციას ემსახურება. იგი გაეროს ჟენევის სათავო ოფისსა და მის წარმომადგენელს, ტატიანა ვოლოვაიას, ასევე, შვეიცარიაში ქალთა გაძლიერების ასოციაციას ეკუთვნის. საქართველოში პროექტი გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. რაისა ლიპარტელიანის საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის მიღწევაში, რომელიც ღირსეულ სამუშაოსა და ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს.