100-ზე მეტი ბიზნესკომპანია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის
თარიღი:

ქალთა მხარდაჭერისა და გენდერული თანასწორობისთვის, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერმა კომპანიებმა საქართველოში არაერთ საინტერესო პროექტს ჩაუყარეს საფუძველი. თუმცა, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ის თანამშრომლობითი ინიციატივები, რომლებიც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ქალთა გაძლიერებისთვის ერთად განახორციელეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების რიცხვი საქართველოში უკვე 100-ს აჭარბებს, რაც მნიშვნელოვანი შედეგია.
სწორედ გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად განხორციელებული ერთობლივი პროექტები და ქალთა გაძლიერების პრინციპებით დაინტერესებული კომპანიების რაოდენობის ზრდა იქცა ყოველწლიური კონფერენციის მთავარ თემად, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ უკვე მეოთხედ გამართა. წარდგენილ პროექტებს შორის იყო We-Tech - ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა ქალებისთვის, რომელსაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ, კანტის აკადემია და ჯეოლაბი ტექნოლოგიური და სამწარმეო უნარების განვითარებისთვის ახორციელებენ, ლიბერთისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოდინგის სკოლა რეგიონებში და ა.შ.
„ამაყი ვარ, რომ ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერის კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ეს განაპირობა კერძო სექტორის გახსნილობამ, მისმა სურვილმა, რომ გენდერული ბალანსი იყოს დაცული და ქალები სამუშაო ადგილებზე გაძლიერდნენ. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი ორივე მხარისთვის თანაბრად სასარგებლოა: როგორც კომპანიისთვის, ისე კომპანიაში დასაქმებულებისთვის“, - განაცხადა კონფერენციის გახსნისას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ.
კონფერენციაზე წარდგენილი იყო ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთა მიღწევაც ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მაგალითად, 2017 წლიდან დღემდე, მათ მიერ განხორციელებულმა პროექტებმა 12 000 -ზე მეტი ქალის ცხოვრება შეცვალა: ნაწილმა პროფესიული განვითარება შეძლო, ნაწილმა - სტიპენდია ან გრანტი მიიღო, ნაწილმა კი მენტორობის პროგრამები და სტაჟირება გაიარა. 2018-2021 წლებში მხოლოდ 35-მა კომპანიამ ქალთა გაძლიერებაზე 1,7 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
კონფერენციის ბოლოს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდაჭერა ახალმა კომპანიებმა სიმბოლური ხელმოწერით დაადასტურეს. „ახლა უკვე ჩვენი ამოცანაა, რომ თანხმობა არ დარჩეს ფორმალობად და ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში გავატაროთ“, - აღნიშნა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო სუქნიძემ, რომელიც ღონისძიებას უწევდა მოდერაციას.
საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2014 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.