მარცხი - ნაბიჯი ბიზნესლიდერობისკენ: თბილისის Fuckup Nights-მა ქალებს უმასპინძლა

თარიღი:

Fuckup Nights Tbilisi-ის ერთ-ერთი მონაწილე ნინო კვერნაძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: ნათელა ასანიძე
Fuckup Nights Tbilisi-ს ერთ-ერთი მონაწილე ნინო კვერნაძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: ნათელა ასანიძე

მარცხის ისტორიები, რომლებიც სხვებს გადახდათ, ადამიანებს ხშირად არწმუნებთ, რომ სინამდვილეში დამარცხება არა დასასრული, არამედ ის უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც ლიდერად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს მოსაზრება წარმატებულმა ბიზნესლიდერმა ქალებმა 19 ნოემბერს, თბილისში გამართულ Fuckup Nights-ზე საკუთარი მაგალითებით გაამყარეს.

ღონისძიებაში, რომელიც სტარტაპ ბიურომ და იმპაქტ ჰაბ თბილისმა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ლიბერთის მხარდაჭერით გამართეს, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი 5 ქალი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: კლუბის „მტკვარზე“ დამფუძნებელი ქეთა გაბუნია, ღონისძიებების მართვისა და მარკეტინგული აქტივობების ორგანიზების კომპანიის, ALICE Q-ს თანადამფუძნებელი ირინა ეგაძე, „ლიბერთის“ HR და ადმინისტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ჩიხლაძე, „აჭარა ჯგუფის“ დირექტორი ნინო კვერნაძე და ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრის, "კამარას" დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე. მონაწილეებმა საქმიანობისას გადალახულ წინაღობებზეც ისაუბრეს და ამ გამოსვლებით მოტივაცია სხვა ქალებსაც მისცეს.

“ნებისმიერ წარმატებას გარკვეული წარუმატებლობის გამოცდილება ამყარებს. ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის და პროფესიული განვითარების გზაზე რეფლექსიების შესაძლებლობას გვაძლევს. ყოველი მომდევნო წინსვლა კი უწყვეტი განათლების მიღებასა და უნარების განვითარებაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ღონისძიების დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა სპიკერმა, „აჭარა ჯგუფის“ დირექტორმა ნინო კვერნაძემ.

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელთა დახმარებითაც ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან. მოძრაობა 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარი პროფესიული წარუმატებლობის შესახებ უამბობს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ღონისძიებებს, რომლებიც ქალებს შორის გამოცდილებების გაზიარებას ემსახურება მხარს აქტიურად უჭერს. ეს მხარდაჭერა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

Fuckup Nights Tbilisi vol. 25: Women in Business -ის მხარდამჭერები იყვნენ: Grant Thornton Georgia, აქსელი - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ლურჯი ოკეანე, ქარი და სნეპ ფიტნესი. მედიამხარდამჭერებს კი წარმოადგენდნენ: ფორბს საქართველო, Entrepreneur საქართველო, imitom.ge, AT.ge და BPN.ge.