საქსტატმა გენდერული სტატისტიკის პირველი სტრატეგია დაამტკიცა

თარიღი:

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

გენდერული უთანასწორობის თვალსაჩინო წარმოჩენისთვის და გენდერული თანასწორობის პროგრესის შეფასების, მონიტორინგისა და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესისთვის გენდერულ სტატისტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი მხარს უჭერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) გენდერული მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების პოლიტიკის უკეთესად დაგეგმვისთვის.

სწორედ ეს თანამშრომლობა დაედო საფუძვლად საქსტატის 2021-2023 წლების გენდერული სტატისტიკის პირველ სტრატეგიას, რომელიც მან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2021 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. დოკუმენტი 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიას (სტატისტიკის განვითარების სტრატეგია) ეყრდნობა. მისი მიზანია, საქსტატის გენდერული სტატისტიკის შემუშავების სტრატეგიული ხედვა და პრიორიტეტები საერთაშორისო და ეროვნული კრიტერიუმების შესაბამისად განისაზღვროს.

როგორც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აღნიშნავს, 2020-2023 წლების სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიაში გენდერული სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა: „გენდერული სტატისტიკის სტრატეგიის მომზადება გენდერული სტატისტიკის უფრო მაღალ დონეზე აყვანის საფუძველია და ამ სფეროს ყველა პრობლემური საკითხის იდენტიფიცირებისა და მოგვარების საშუალებას იძლევა. გენდერული სტრატეგიის შემუშავებით საქსტატი უფრო სრულად დააკმაყოფილებს მოთხოვნას ამ მიმართულებით მომხმარებლის საჭიროებებზე დამყარებული, მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაზე“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

მაღალი ხარისხის, მოთხოვნაზე ორიენტირებული გენდერული სტატისტიკის წარმოება, მისი წარმოებისა და გამოყენების კოორდინაციისა და დაფინანსების შესაძლებლობების, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, უნარების, კოორდინაციისა და დაფინანსების გაუმჯობესება ახლად მიღებული სტრატეგიის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს. დოკუმენტი შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა და ითვალისწინებს როგორც ძირითად საერთაშორისო ნორმებს, ასევე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის, პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის, ასევე, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.

ბოლო წლებში საქსტატმა საკუთარ საქმიანობაში გენდერული ასპექტების გათვალისწინების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ისინი მოიცავს გენდერული მონაცემების პორტალის შექმნას, ყოველწლიური პუბლიკაციის მომზადებას “ქალი და კაცი საქართველოში”, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის ჩატარებასა და მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების მიმდინარე კვლევას, რომლის დასრულებაც 2022 წელს იგეგმება.

ინიციატივის მხარდაჭერა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.