საქართველოში მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების კვლევა პირველად ჩატარდება
თარიღი:
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომას გლობალურად ქალები სამჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას სწორედ აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი წარმოადგენს.
ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის მოცულობისა და ღირებულების გაზომვის გლობალურად აღიარებული ინსტრუმენტი ე.წ. დროის გამოყენების კვლევაა. იგი ქვეყნის კეთილდღეობაში ქალების აუნაზღაურებელი შრომის ხვედრით წილს ზომავს და გენდერულ უთანასწორობას ქალებისა და კაცების მიერ ანაზღაურებად და აუნაზღაურებელ შრომაზე დახარჯული დროის განსხვავების გამოთვლით აანალიზებს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში 250-ზე მეტი დროის გამოყენების კვლევა განხორციელდა, თუმცა საქართველოში ის არასდროს ჩატარებულა. ამ მონაცემთა დეფიციტის აღმოსაფხვრელად და ქვეყანაში დროის გამოყენების საერთაშორისოდ შედარებადი მონაცემების მოსაპოვებლად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატი) თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში დროის გამოყენების კვლევას პირველად ჩაატარებს.
საქართველოში დროის გამოყენების კვლევა გლობალურად აღიარებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო პრინციპებისა და სტანდარტების მიხედვით ჩატარდება. ამას გარდა, კვლევის შედეგად, შესაძლებელი იქნება მონაცემების მოპოვება აუნაზღაურებელი შრომის შესახებ მდგრადი განვითარების მიზნის 5.4 საბაზისო ინდიკატორისთვის ინფორმირებისთვის.
დროის გამოყენების კვლევის ადგილობრივ პარტნიორებს შორის კოორდინირებული მიდგომისა და კვლევის შედეგების ეროვნული კუთვნილების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. იგი განვითარების პარტნიორებს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს და კვლევის განხორციელებისთვის საჭირო რესურსების, იდეებისა თუ მოსაზრებების გაზიარების საკონსულტაციო ფორუმს წარმოადგენს. დროის გამოყენების კვლევის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე საქსტატმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კვლევის მეთოდოლოგია წარადგინეს და ქვეყანაში პოლიტიკის შექმნისთვის კვლევის მიზნების რელევანტურობაზე იმსჯელეს.
“მოხარულები ვართ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივის წამოწყებით, მით უფრო, რომ ასეთი კვლევა საქართველოში არასდროს ჩატარებულა. დროის გამოყენების კვლევა წარმოადგენს სასარგებლო და უნიკალური ინფორმაციის წყაროს, თუ როგორ ანაწილებენ ქალები და კაცები საკუთარ დროს ანაზღაურებად სამუშაოსა და საოჯახო საქმეებს შორის, სხვა საქმეებთან ერთად” ,– აღნიშნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.
“დროის გამოყენების კვლევა ხელს შეუწყობს პოლიტიკის მიმდინარე რეფორმების შემუშავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თანაბარი ანაზღაურება და დისკრიმინაციის აკრძალვა, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსება, ქალსა და კაცს შორის საოჯახო საქმეებისა და ზრუნვის შრომის სამართლიანი განაწილება, მშობლის შვებულება და ა.შ. საქართველოში დროის გამოყენების კვლევის ჩატარება ძალიან დროული ინიციატივაა და იმედი გვაქვს, იგი სხვადასხვა უწყებას სხვადასხვა მიზნის მიღწევაში დაეხმარება“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.
დროის გამოყენების კვლევა ხორციელდება „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მიერ. კვლევის საველე სამუშაოები, რომელთა დაწყება 2020 წლის სექტემბერში იგეგმება, 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისი შედეგები კი ხელმისაწვდომი 2021 წლის ბოლოს გახდება.