ქართველი ჟურნალისტები გენდერული სტატისტიკის გამოყენების სპეციფიკას ეცნობიან

თარიღი:

ქართველი ჟურნალისტები საქსტატის მიერ წარმოებულ და გავრცელებულ გენდერული სტატისტიკასა და ინდიკატორებს განიხილავენ. ფოტო: საქსტატი
ქართველი ჟურნალისტები საქსტატის მიერ წარმოებულ გენდერულ სტატისტიკასა და ინდიკატორებს განიხილავენ. ფოტო: საქსტატი

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა თუ შესაბამისი პოლიტიკის დასაგეგმად გენდერულ სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ფართოდ გამოყენება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიზნით, იგი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას წარმოადგენდა ორდღიანი სემინარი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის 17-18 ივლისს, ბორჯომში ჩატარდა.

სემინარს 20 ჟურნალისტი დაესწრო. მონაწილეები საქსტატის მიერ წარმოებულ და გავრცელებულ გენდერული სტატისტიკასა და ინდიკატორებს გაეცნენ, შემდეგ კი პრაქტიკაში მათ გამოყენებაზეც იმსჯელეს. ამავდროულად, საქსტატის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისგან ის მოსაზრებები მოისმინეს, რომლებიც სამომავლოდ გენდერული სტატისტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

„გენდერულ სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმცია მივიღე, ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო. სხვა თემებთან ერთად, ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც საქართველოში მრავალი წელია, ქალები კაცებზე ორჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა ვიცოდეთ ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას აფერხებს", - აღნიშნა "ევრონიუს ჯორჯიას" ჟურნალისტმა და სემინარის ერთ-ერთმა მონაწილემ, მაგდა მამაცაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები გენდერული მონაცემების პორტალსაც გაეცნენ, რომელიც საქსტატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2018 წელს გაუშვა. პორტალზე მომხმარებლებს შეუძლიათ, მარტივად აღსაქმელი ფორმით მოიძიონ სქესის მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკა ჯანდაცვის, განათლების, მოსახლეობის დინამიკის, დასაქმებისა და უმუშევრობის, შემოსავლებისა და დანახარჯების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სოციალური უზრუნველყოფისა და შინამეურნეობების, სოფლის მეურნეობის და ა.შ. თაობაზე. ამას გარდა, აღნიშნულ გვერდზე განთავსებულია სტატისტიკური პუბლიკაციები გენდერის შესახებ, ინფოგრაფიკები, შესაბამისი კანონმდებლობა და სხვა სასარგებლო ბმულები. გენდერული მონაცემების პორტალი დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს, საშუალებას აძლევს, სწრაფად და ადვილად მოიძიონ სანდო სტატისტიკური მონაცემები გენდერულ საკითხებზე და სპეციალური სტატისტიკური პროგრამების ცოდნის გარეშე გააანალიზონ ისინი ასაკობრივ, რეგიონულ და სხვა ჭრილებში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ჟურნალისტებთან მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების შესახებ მედიის წარმომადგენლების უკეთ ინფორმირებულობას, არამედ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას გენდერული სტატისტიკის საკითხებზე, რაც მონაცემთა სწორი ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია.

სხვადასხვა აუდიტორიისთვის სემინარების ჩატარებასა და გენდერული სტატისტიკის პოპულარიზაციაზე მუშაობას საქსტატი და გაეროს ქალთა ორგანიზაციას მომავალშიც გააგრძელებენ. აღნიშნული თანამშრომლობა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.