ქალები თანასწორი ბიზნესისთვის PechaKucha Nights-ზე გაერთიანდნენ

თარიღი:

PechaKucha Nights-ის ერთ-ერთი მონაწილე ქეთი წილოსანი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: ინტერპრესნიუსი
PechaKucha Nights-ის ერთ-ერთი მონაწილე ქეთი წილოსანი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: ინტერპრესნიუსი 

პოზიტიური მაგალითების ჩვენებას, სირთულეების დაძლევისა და წარმატებული, ინოვაციური საქმიანობების შესახებ ამბების მოყოლას განსაკუთრებული ძალა აქვს. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საკითხი ქალთა მეწარმეობისა და თანასწორი ბიზნესის წახალისებას ეხება.

საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილმა 6 ახალგაზრდა მეწარმე ქალი 11 ივნისს, თბილისში, პოპულარულ პლატფორმა PechaKucha Nights-ზე, ერთი თემის - „ქალები თანასწორი ბიზნესისთვის“ ირგვლივ გააერთიანა. 6-წუთიან პრეზენტაციებში, საქმიანობის წარდგენასთან ერთად, მათ აუდიტორიას ისიც უამბეს, თუ რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი, აქტუალური, საინტერესო და შთამაგონებელი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეების უმეტესობამ ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით დაიწყო ან განავითარა. მათ შორის იყო ქეთი წილოსანიც, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთ-ერთი მონაწილეა. ქეთიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციის გრანტით გურიაში, ლანჩხუთში, პირველი სოციალური კაფე „ქეთოსთან“ გახსნა და ქალაქს ახალი, ინოვაციური სივრცე შემატა.

„შესაძლოა, ჩემი ისტორიის გაზიარება სხვისთვისაც მაგალითად და მოტივატორად იქცეს. რომელიმე მსმენელი დაფიქრდეს და როგორც მე, მანაც ცხოვრების ცვლილება განიზრახოს“, - აღნიშნა ქეთიმ და დასძინა, რომ ასეთი შეკრებები ახალგაზრდა მეწარმეებისთვის კონტაქტების დამყარების კარგი შესაძლებლობაცაა. „გამოსვლის შემდეგ უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, ჩემს სოციალურ კაფეს დაეხმარონ“, - აღნიშნა მან.

ვაშლის ჩიფსების ბრენდის, "ენკენის" თანადამფუძნებელი თამარ შეითნიშვილი ბიზნესის დაწყების ისტორიას ჰყვება. ფოტო: ინტერპრესნიუსი
ვაშლის ჩიფსების ბრენდის, "ენკენის" თანადამფუძნებელი თამარ შეითნიშვილი ბიზნესის დაწყების ისტორიას ჰყვება. ფოტო: ინტერპრესნიუსი

„გამოცდილების გაზიარება როგორც გამზიარებელისთვის, ისე აუდიტორიისთვის ძალიან ბევრის მომცემია. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო საღამოს მონაწილეებს, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორიების გაზიარებით გაგვაძლიერეს”, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში თამარ საბედაშვილმა.

მსოფლიოში პოპულარული პლატფორმა PechaKucha Nights არაფორმალურ გამოსვლებს აერთიანებს. მისი დახმარებით, ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებზე, პროექტებსა და ნამუშევრებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. ღონისძიების ფორმატი მონაწილეებისგან 20 ვიზუალისგან შემდგარი პრეზენტაციის წარდგენას ითვალისწინებს, თითოეულზე სასაუბროდ კი მათ მხოლოდ 20 წამი აქვთ.

საქართველოში PechaKucha Nights 2018 წლიდან ტარდება. 11 ივნისის ღონისძიების ორგანიზატორები, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, თბილისის სტარტაპ ბიურო, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და თიბისი ბიზნესისთვის იყვნენ.