ანა ლომიძე: როგორ იქცა ოცი წლის გოგო საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული საზოგადოების ხმად

თარიღი: სამშაბათი, 18 თებერვალი, 2020 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 25 ქალი

ანა ლომიძე ახალგაზრდა აქტივისტია, რომელიც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ სოფელში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საარსებო წყაროების ადვოკატირებას ეწევა. ანამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ცვლილებების მიღწევა ასაკის მიუხედავად ყველას შეუძლია, გარკვეული მიმართულებების გაუმჯობესება უკვე შეძლო.

ანა ლომიძე
ანა ლომიძე მშობლიურ სოფელში, კონფლიქტით დაზარალებულ ჩორჩანაში, ადგილობრივების საჭიროებების გაუმჯობესებისთვის იღვწის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია /ტარა მილუტისი

მოსახლეობის მშვიდობა, ადამიანის უსაფრთხოება და საარსებო წყაროები 20 წლის ახალგაზრდიებს ინტერესს არ წარმოადგენს ხოლმე, თუმცა ანა ლომიძე განსხვავებულია.

ანა პატარა სოფელში, ჩორჩანაში გაიზარდა, რომელიც თბილისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 140 კილომეტრში მდებარეობს. როგორც თავად ამბობს, ლამაზი ბუნებისა და გულთბილი თანასოფლელების გარემოცვაში ბავშვობა იდეალურად გაატარა.

თუმცა, რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: სოფელში გამყოფი ხაზი გაჩნდა, რამაც ადგილობრივებს ფიზიკური ბარიერებიც შეუქმნა და ისინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურებსაც მოწყვიტა. ”მახსოვს, როგორ გავიქეცი სოფლიდან, როცა გავიგეთ, რომ რუსი ჯარისკაცები გვიახლოვდებოდნენ. თავშესაფრის მოძიება დასავლეთ საქართველოში მოგვიწია, მთელი გზა ფეხით გავიარეთ. სანამ დასარჩენი ადგილი არ მოვძებნეთ თავს ხან ერთ ოჯახს ვაფარებდით, ხან - მეორეს. ყველა უდიდესი შიშის ქვეშ იყო“, - გვიყვება ანა.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ქრონოლოგია1 

  • 29 ივლისი

     

    დაძაბულობა იზრდება

    ძალადობრივი შეტაკებები ქართველებსა და ოსებს შორის გახშირდა, რამაც ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საერთო დაძაბულობა გაზარდა.

    29 ივლისს ქართულმა და ოსურმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს.

  • 1 აგვისტო

     

    კონფლიქტი იწყება

    ცხინვალის მახლობლად განხორციელებული შეტევის შედეგად რამდენიმე ქართველი პოლიციელი დაშავდა. მოგვიანებით, იმავე დღეს, სნაიპერებმა ექვსი ოსი პოლიციელი მოკლეს, რასაც ორივე მხარის მშვიდობიან მოსახლეობაში დაზარალებულების რაოდენობის ზრდა მოჰყვა.

  • 7-8 აგვისტო

     

    საჰაერო თავდასხმები ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში

    საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გზავნის ჯარს, რასაც რუსეთი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჯარების შეყვანითა და საჰაერო თავდასხმებით პასუხობს.

  • 8 აგვისტო

     

    ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა

    ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ნატო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითხოვენ.

  • 16 აგვისტო

     

    ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

    საფრანგეთისა და ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რუსმა კოლეგამ, პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

  • 22 აგვისტო

     

    რუსეთის ჯარის ნაწილობრივი გაყვანა

    ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რუსეთს საქართველოდან ჯარი ნაწილობრივ გაჰყავს, თუმცა ტოვებს მათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე და მის სიახლოვეს.

  • 26 აგვისტო

     

    რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

    რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხელს აწერს ბრძანებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

ანამ და მისმა ოჯახმა ჩორჩანაში დაბრუნება მოახერხეს. ახლა გამყოფი ხაზის ახლოს რუსეთისა და ოსეთის შეიარაღებული ძალები პატრულირებენ, ხშირია ქართველების გატაცება და უკანანო დაკავება. ადგილობრივები ვეღარ მიდიან ტყეში, რომელიც მათი დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

"ჩორჩანა ძალიან პატარა სოფელია. ხალხმა წასვლა კონფლიქტისა და მისი შედეგების გამო დაიწყო. აქაურობა უსაფრთხო არ არის და პირობებიც ძალიან ცუდია. ეს იყო ჩემთვის მოტივაცია, რომ ხალხის საჭიროებებისთვის დამეწყო მუშაობა. რამე უნდა მეღონა, რომ აქ დარჩენა შესაძლებელი ყოფილიყო, სხვაგვარად სოფელი აღარ იარსებებს“, - ამბობს ანა.


 ხალხმა წასვლა კონფლიქტისა და მისი შედეგების გამო დაიწყო. აქაურობა უსაფრთხო არ არის და პირობებიც ძალიან ცუდია. ეს იყო ჩემთვის მოტივაცია, რომ ხალხის საჭიროებებისთვის დამეწყო მუშაობა. რამე უნდა მეღონა, რომ აქ დარჩენა შესაძლებელი ყოფილიყო, სხვაგვარად სოფელი აღარ იარსებებს“

— ანა ლომიძე


როგორ გახდა ცვლილებების ელჩი

თემის უფლებებისთვის ადვოკატირება რთული და უზარმაზარი ამოცანაა, მით უმეტეს 20 წლის ახალგაზრდისთვის. როგორ ართმევს თავს ამ ამოცანას ანა? უპირველესად სოფლის ქალებთან დიალოგითა და მათთან რეგულარული შეხვედრებით.

ანა ლომიძე
ანა ლომიძე მეზობელთან სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია /ტარა მილუტისი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია 25 ქალი
ანა ლომიძე ქალს, რომელიც აქტიურადაა ჩართული სამშვიდობო პროცესებში, სოფლის პრობლემებზე ესაუბრება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია /ტარა მილუტისი
გაეროს ქალთა ორგანიზაცია 25 ქალი
ანა ლომიძე ქალს, რომელიც აქტიურადაა ჩართული სამშვიდობო პროცესებში, სოფლის პრობლემებზე ესაუბრება. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია /ტარა მილუტისი
UN Women 25 Women
საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი, ძველი, რუსული სატვირთო მანქანა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია /ტარა მილუტისი

”სხვადასხვა საკითხების განსახილველად ვინმესთან სახლში ვიკრიბებით და გამოსავალზე ერთად ვფიქრობთ. შემდეგ მიზნებს ვისახავთ და მათ მიღწევას ვცდილობთ“, - გვიყვება ანა. ეს საკითხები სოფლის უსაფრთხოების, მშვიდობიანი ცხოვრების, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის პრობლემებს, ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობას, ქალთა უფლებებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოიცავს.

შემდეგ ანა ჩორჩანელ ქალებსა და შესაბამის უწყებებს შორის მედიატორის როლის შესრულებას ცდილობს, პრობლემების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ ან ცენტრალურ ხელისუფლებას აწვდის, სხვადასხვა ფორუმსა და პლატფორმას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას ეხება, ადგილობრივების, განსაკუთრებით ქალებისა და გოგოების საჭიროებების შესახებ სასაუბროდ იყენებს. ”ამ ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძოდ, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დახმარებით ვაკეთებ”, - განმარტავს ანა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 25 ქალი
ანა ლომიძე ჩორჩანელ ქალებსა და შესაბამის უწყებებს შორის მედიატორის როლის შესრულებას ცდილობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია /ტარა მილუტისი

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ქალთა უფლებებზე, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. იგი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ამ პროცესში განსაკუთრებულ აქცენტს ქალებისა და ახალგაზრდების საკითხებზე აკეთებს. ანამ ორგანიზაციის შეხვედრებზე დასწრება ჯერ კიდევ 16 წლისამ დაიწყო. შემდეგ კი პროცესებში ისე ჩაერთო, რომ ორგანიზაციამ საქართველოს გენდერული თანასწორობის საბჭოში აქტივისტად დაასახელა. გენდერული თანასწორობის საბჭო ქვეყნის მასშტაბით ანგარიშგებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინკლუზიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

ანამ ჩორჩანის გზის შეკეთებასა და მობილური ქსელის სიგნალის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი უკვე შეიტანა. ორივე მათგანი მოსახლეობისთვის ხანგრძლივ პრობლემას წარმოადგენდა. ამჟამად ის სხვა საკითხების გაუმჯობესებაზე მუშაობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფას უწევს ადვოკატირებას.

არ დაკარგო რწმენა

აქტივიზმის პარალელურად, ანა თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ჩორჩანაში ხშირად ჩადის. იმ მოტივაციას, რომელიც მას საკუთარი საქმიანობის მიმართ აქვს, ყველა აცნობიერებს.

”ხშირად ხალხს არ სჯერა, რომ კოფლიქტთან დაკავშირებით რამე შეიძლება გაკეთდეს, არც ის სჯერათ, რომ ამას ჩემი ასაკის გოგო შეძლებს, თუმცა ვფიქრობ, ყოველთვის შეგიძლია რაღაც გააკეთო, ნებისმიერ ასაკში“,- ამბობს ანა ლომიძე.


 ვფიქრობ, ყოველთვის შეგიძლია რაღაც გააკეთო, ნებისმიერ ასაკში”

— ანა ლომიძე


ზოგიერთი ადამიანის სკეპტიციზმის მიუხედავად, ანა ამბობს, რომ მისი თანატოლები საკუთარი უფლებების შესახებ კარგად ინფორმირებულები არიან. ”მშობლების თაობამ საკუთარი უფლებები არ იცოდა და მათ დასაცავად არ იბრძოდა. ჩემმა თაობამ კი იცის და არ სურს დათმობა. გვინდა, ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის“,- ამბობს ანა.

საბედნიეროდ, ანას მისი ოჯახი ყოველთვის მხარს უჭერდა, ამხნევებდა და საკუთარი თავის რწმენას მაშინაც შთააგონებდა, როცა ირგვლივ არსებული გარემო სხვა მოლოდინებს ქმნიდა. "ჩემს ოჯახს ჩემი სჯერა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. როდესაც დედა მეუბნება, დიახ, შენი მოსაზრებები მართალია და ამის მიღწევა ნამდვილად შეგიძლია, მე კიდევ უფრო ვძლიერდები“, - ამბობს ანა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 25 ქალი
ანა ლომიძე მშობლებსა და ძმასთან ერთად საკუთარი სახლის ეზოში ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია /ტარა მილუტისი

ჩვენ ირგვლივ მსოფლიოს შეცვლა

სწავლის დასრულების შემდეგ ანას სურს, რომ მუნიციპალიტეტს, განსაკუთრებით კი სოფლის ბავშვებსა და ახალგაზრდებს, ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს. ”ასეთი მომსახურება ჩვენთან ხელმისაწვდომი არ არის, მხოლოდ დედაქალაქშია. არადა, ნამდვილად საჭიროა, მით უმეტეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში“, - აღნიშნავს ანა.

თუმცა, ანას მთავარი ოცნება მაინც ჩორჩანაში დაბრუნება და უსაფრთხო გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრებაა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია 25 ქალი
ანა ლომიძე ჩორჩანაში უსაფრთხო გარემოსა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ცხოვრებაზე ოცნებობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია /ტარა მილუტისი

ახალგაზრდებს, რომლებსაც შესაძლოა აქტივისტობა სურდეთ, ანა ურჩევს, რომ მიზნის მისაღწევად ყოველთვის იშრომონ. "მაშინაც კი, როცა თქვენ ირგვლივ ყველა პესიმისტურადაა განწყობილი, როცა არავის სჯერა, თქვენ მაინც უნდა აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ: შეეცადოთ, შეცვალოთ მსოფლიო“, - ამბობს ანა.

შეიძლება, სამყაროს შეცვლა ამბიციურ მიზნად მოგეჩვენოთ, მაგრამ ანას სჯერა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთელი მსოფლიოს შეცვლა არ შეგიძლიათ, თქვენ ირგვლივ არსებული საზოგადოების ტრანსფორმაციას მაინც შეძლებთ და ზოგჯერ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.



1 წყაროები: Human Rights Watch Report, 2009 – “Humanitarian Law Violations and Civilian Victims in the Conflict over South Ossetia”; “Independent International Fact-Finding Mission on the Conflict in Georgia” Report, 2009; CNN.