ქალების ერთიანობის ძალა

თარიღი:

მაკა კვარაცხელია და თეა ცანავა. ფოტო: მაკას პირადი არქივი
მაკა კვარაცხელია და თეა ცანავა. ფოტო: მაკას პირადი არქივი

„თავიდან ყველა ირონიულად გვიყურებდა. აქ ქალს ცხვარი მანამდე არც ჰყოლია, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დიახ, ყველაფერი შეგვიძლია და ეს იდეა, რაც გვქონდა, რეალობად ვაქციეთ. სხვათა შორის, რთული არ აღმოჩნდა“, - ასე მაკა კვარაცხელია იმ დროს იხსენებს, როცა სტუდენტობის მეგობართან, თეა ცანავასთან ერთად, ფინანსური შემოსავლის მიღება და იქაურებისთვის უჩვეულო საქმიანობის დაწყება - ცხვრის მოშენება გადაწყვიტა.

მაკა და თეა თანატოლები, 42 წლისები არიან და წალენჯიხაში (სამეგრელოს რეგიონი), სოფელ ჯგალში ცხოვრობენ. მეგობრებმა შემოსავლის მომტან საქმიანობაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდი ტასოს სოციალური მობილიზაციის ინიციატივაში ჩაერთნენ. ჯერ ტრენინგები გაიარეს, ბიზნესის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევები და ცოდნა შეიძინეს, მერე კი საგრანტო შესაძლებლობებითაც ისარგებლეს, მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ერთი წლის წინ 8 ცხვარი შეიძინეს.

„ახლა უკვე 14 ცხვარი გვყავს. ყველაფერს თავად ვაკეთებთ, თივის ზვინებსაც საკუთარი ხელით ვეზიდებით. გვიყვარს ეს საქმე. ივნისში მომდევნო ნამატს, სამ ბატკანს ველოდებით, შემოდგომისთვის კი უკვე პირველ შემოსავალს მივიღებთ და მერე კიდევ უფრო გავფართოვდებით“, - ამბობს თეა ცანავა.

სოციალური მობილიზაციის კომპონენტი სოფლად მცხოვრები ქალებისა და მათი თემების გასაძლიერებლად გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ფონდმა ტასომ პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში 2017 წელს დაიწყეს. ინიციატივა საქართველოს 4 რეგიონში - სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელდა. ჯგალელი მეგობრების მსგავსად, მან საკუთარი საქმის დაწყებისკენ არაერთ ქალს უბიძგა. სოციალური მობილიზაციის მნიშვნელოვანი აქცენტი მათი სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვაც იყო. მაკა კვარაცხელია და თეა ცანავა შემოსავლის მომტანი საქმიანობის პარალელურად, მოხალისეობასაც შეუერთდნენ. მაკა უკვე ფონდი ტასოს სათემო მუშაკია, თეა კი - თვითდახმარების ჯგუფის წევრი.

„პირველ შეხვედრაზე 20 ქალი მივედით და თვითდახმარების 2 ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. ეს იყო სწავლების უწყვეტი პროცესი, რომელსაც დიდი ხიბლი ახლდა. თანდათან გამოიკვეთა, რომ თემში გზისა და ხიდის პრობლემები გვქონდა, სასკოლო ტრანსპორტი კი მოსწავლეებამდე ვერ აღწევდა. ქალებმა ეს საკითხი თვითმმართველობაში წარვადგინეთ და გზა გავაკეთეთ. უკვე 24-ნი ვართ. ვიცით, რომ სოფლის პრობლემა პირადი პრობლემაა და მის მოსაგვარებლად გამოსავალი ჩვენც უნდა ვეძებოთ“, - ამბობს მაკა.

სოციალური მობილიზაციის კომპონენტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 52 თვითდახმარების ჯგუფი შეიქმნა, ინიციატივაში სულ 424 ქალი ჩაერთო. მათგან 110-მა მცირე გრანტიც მიიღო და სხვადასხვა საქმიანობა წამოიწყო: ზოგმა - თაფლის წარმოება, ზოგმა - სათამაშოების, ზოგმაც სამკერვალო ან საცხობი გახსნა. პარალელურად, თვითდახმარების ჯგუფებში გაწევრიანებულმა ქალებმა თავიანთი ინიციატივებით თემების არაერთი პრობლემა გადაჭრეს, საყოფაცხოვრებო პირობები გააუმჯობესეს, ასობით ოჯახის ცხოვრება შეცვალეს და აჩვენეს, რომ ქალების ერთიანობას მართლაც დიდი ძალა აქვს.

ქალების წამოწყებებმა და მიზანდასახულობამ მოტივაცია უამრავ ადგილობრივს მისცა. დღეს უკვე იმ სოფლებში, სადაც სოციალური მობილიზაცია განხორციელდა, ახალი სიცოცხლე იგრძნობა, საზოგადოების წევრებიც ბევრად მოტივირებულები და სოლიდარულები არიან. ინიციატივის ფარგლებში წამოწყებულმა მცირე ბიზნესებმა კი შემოსავლის წყარო სხვა ადგილობრივ ქალებსაც გაუჩინა.

სოციალური მობილიზაციის კომპონენტი, როგორც თავად „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომოიკური გაძლიერეისთვის საქართველოში“ ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტი დასრულდა, თუმცა მონაწილე ქალები ცვლილებებისკენ ნაბიჯებს ახლაც ყოველდღიურად დგამენ, მათ შორის მაკა და თეაც, რომლებსაც საკუთარი საქმის გაფართოებასთან ერთად, სხვა სურვილიც აქვთ: ადგილობრივებს დასაქმების შესაძლებლობა სოფელშივე ჰქონდეთ, რათა ჯგალის მიტოვებულ, ცარიელ სახლებში ძველებური ჟრიამული დაბრუნდეს.